2-4 ივლისს, Erasmus+ SECURE პროექტის კონსორციუმის წარმომადგენლები პროგრესის შეჯამებისა და მომავალი ეტაპების განსაზღვრის მიზნით, შეიკრიბნენ კაუნასის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში (KTU), ლიტვაში. პროექტის შეხვედრის მთავარი მიზანი იყო მიმდინარე აქტივობების შეფასება, სტრატეგიული მიმართულებების შეთანხმება და სამომავლო მოქმედებების დაგეგმვა.
პროექტის ძირითადი მიზანია საქართველოსა და უკრაინაში კიბერუსაფრთხოების გაძლიერება უმაღლესი განათლების სფეროში, მათ შორის სასწავლო პროგრამების განვითარება, პროფესიული გადამზადება და ინსტიტუციური თანამშრომლობის ხელშეწყობა.
შეხვედრის მთავარი შედეგები:
- შემუშავდა და დამტკიცდა ოთხი ინოვაციური სასწავლო კურსის სილაბუსი;
- განიხილეს ინოვაციური საგანმანათლებლო და კვლევითი ჰაბის შექმნის სტრატეგია, რომელიც თითოეულ მონაწილე ქვეყანაში მოიცავს სამ ურთიერთდაკავშირებულ ვირტუალურ ლაბორატორიას მომავლის ქსელური ტექნოლოგიების (5G და სხვა) განვითარებისთვის;
- შემუშავდა აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის პროფესიული გადამზადებისა და ტრენინგების რუკა, სადაც განისაზღვრა ამოცანები, ეტაპები და მოსალოდნელი შედეგები;
- შეფასდა პროექტის დისემინაციის აქტივობები, განხილულ იქნა მიღწეული შედეგები და დაიგეგმა მომავალი საკომუნიკაციო სტრატეგიები.
შეხვედრა მნიშვნელოვანი იყო პროექტის მიზნების წარმატებით განხორციელებისა და რეგიონული თანამშრომლობის გაძლიერების მიმართულებით კიბერუსაფრთხოების განათლების სფეროში.
საქართველო წარმოდგენილი იყო სამი პარტნიორი უნივერსიტეტით:
- კავკასიის უნივერსიტეტი – წამყვანი ინსტიტუცია საქართველოდან;
- აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი – ქუთაისი;
- შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი – ბათუმი.
კავკასიის უნივერსიტეტიდან, როგორც საქართველოდან ლიდერი პარტნიორის, შეხვედრას ესწრებოდნენ: პროფესორი მაქსიმ იავიჩი – რეგიონული პროექტის ლიდერი და კავკასიის კიბერუსაფრთხოების ცენტრის დირექტორი, პროექტების მენეჯერი ოქსანა კოვალჩუკი, კავკასიის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი გიორგი ახალაია და კავკასიის უნივერსიტეტის პროექტების მართვის დეპარტამენტის დირექტორი აკაკი კაპანაძე.
კავკასიის უნივერსიტეტი, როგორც ეროვნული და საერთაშორისო პარტნიორი, კვლავაც აქტიურად მუშაობს კიბერუსაფრთხოების ეკოსისტემის განვითარებაზე აკადემიური სრულყოფილებისა და ინოვაციური თანამშრომლობის გზით.
დამატებითი ინფორმაციისა და სიახლეებისთვის ეწვიეთ ბმულს.