ტექნოლოგიურ ჰაკათონი -TechXplore 2026

17 მარტი 2026

კავკასიის უნივერსიტეტის ტექნოლოგიების სკოლის სტუდენტებმა და ინოვაციების და მეწარმეობის ცენტრის ბენეფიციარებმა წარმატებით იასპარეზეს თიბისი IT აკადემიის ფარგლებში ორგანიზებულ ტექნოლოგიურ ჰაკათონში TechXplore 2026. 

 

ჰაკათონი 11–14 მარტს გაიმართა და 150-ზე მეტი მონაწილე გააერთიანა. ღონისძიება მიზნად ისახავდა cross-functional გუნდებში მუშაობის გაძლიერებას, Agile მიდგომების პრაქტიკაში დანერგვასა და მონაწილეთა ტექნოლოგიური და ბიზნეს უნარების განვითარებას.

 

განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტის, გიორგი ბურჯალიანის გუნდი – WinTech – ჰაკათონის გამარჯვებული გახდა, რომელსაც პრიზის სახით 5000 ლარი გადაეცა. 

 

გამარჯვებული პროექტი (TBC Youth) , წარმოადგენს ინოვაციურ პლატფორმას, რომელიც მიზნად ისახავს ახალგაზრდებში ფინანსური განათლების გავრცელებას. სისტემა აერთიანებს საბანკო სერვისებსა და საგანმანათლებლო ელემენტებს გეიმიფიკაციის ფორმატში – მომხმარებლები ასრულებენ სხვადასხვა ტიპის ამოცანებს, აგროვებენ ქულებს, პროგრესირებენ დონეების მიხედვით და იღებენ შესაბამის ჯილდოებს. აღნიშნული მიდგომა ფინანსურ განათლებას უფრო ხელმისაწვდომსა და მოტივაციურს ხდის.

 

ამასთანავე, ჰაკათონში მონაწილეობა მიიღო კავკასიის უნივერსიტეტის კიდევ ერთმა სტუდენტმა, გიორგი სულხანიშვილმა. ჰაკათონის ფარგლებში შემუშავებული გადაწყვეტა (Smart Tax Stash) წარმოადგენს ინდივიდუალური მეწარმეებისთვის შექმნილ ციფრულ კალკულატორს, რომელიც ავტომატურად ითვლის და ფილტრავს დასაბეგრ ტრანზაქციებს, აანგარიშებს 1%-იან გადასახადს და დეკლარაციის ვადის მოახლოებამდე მომხმარებელს წინასწარ ახსენებს გადასახადის გადახდის აუცილებლობას.

 

ვულოცავთ გამარჯვებულ გუნდს და ყველა მონაწილეს ამ მნიშვნელოვან გამოცდილებას და ვუსურვებთ მომავალ საქმიანობაში კიდევ უფრო დიდ წარმატებებს.