კავკასიის უნივერსიტეტის ტურიზმის სკოლის პროფესორმა გიორგი ბრეგაძემ და ასისტენტ პროფესორებმა ნატა რობიტაშვილმა და ნინო თიგიშვილმა მონაწილეობა მიიღეს საქართველოს ტურიზმის წლის უმნიშვნელოვანეს ღონისძიებაში - ტურიზმის ეროვნულ სამიტში „ტურისტერი“, რომელიც ქალაქ ბათუმში გაიმართა.
ტურისტერი წარმოადგენს მასპინძლობის ინდუსტრიის სამიტს, რომელსაც ესწრებიან სექტორის წარმომადგენლები - სასტუმროები, ტრანსპორტის კომპანიები, ტუროპერატორები, კვების ობიექტები, ტურიზმთან დაკავშირებული ატრაქციების ოპერატორები, ასევე აკადემიური სექტორის წარმომადგენლები.
სამიტი ოფიციალურად გახსნა პროფესორმა გიორგი ბრეგაძემ პრეზენტაციით - „ტურიზმის ანალიტიკური მიმოხილვა“, სადაც ის დეტალურად შეეხო საქართველოს ტურიზმის მიმდინარე მდგომარეობას, მაკროეკონომიკურ ტენდენციებს, ბაზრის დინამიკას, ინდუსტრიულ გამოწვევებსა და სამომავლო პერსპექტივებს. მონაცემებზე დაფუძნებულმა ანალიტიკურმა ხედვამ განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია მონაწილეებში.
სამიტის მეორე დღეს გაიმართა Erasmus+ უმაღლესი განათლების შესაძლებლობების განვითარების პროგრამის მხარდაჭერით განხორციელებული პრაქტიკული ვორქშოფი ENRICHER Hubs პროექტის ფარგლებში (დამატებითი ინფორმაცია: www.enricher.eu). ვორქშოფს უძღვებოდა კავკასიის ტურიზმის სკოლის აკადემიური გუნდი - გიორგი ბრეგაძე, ნატა რობიტაშვილი და ნინო თიგიშვილი.
ვორქშოპის თემას წარმოადგენდა „ინოვაციური მომსახურების შემუშავება: მომსახურების დიზაინის პრაქტიკული ვორქშოფი მასპინძლობის ინდუსტრიისთვის“. მონაწილეებმა ინტერაქტიურლ გარემოში გაიარეს ინოვაციური მომსახურების შექმნის სრული ციკლი - პრობლემის იდენტიფიცირება, კვლევა, იდეების გენერირების ტექნიკები, პროტოტიპირება და ტესტირება.
პრაქტიკულმა სავარჯიშოებმა და გუნდურმა მუშაობამ მონაწილეებს აჩვენა, როგორ შეიძლება მომხმარებელთა საჭიროებების გარდაქმნა ღირებულ, ინოვაციურ სერვისად და როგორ შეიძლება იქცეს ინოვაცია კონკურენტულ უპირატესობად ტურიზმისა და მასპინძლობის სფეროში.
ვორქშოფმა განსაკუთრებული ინტერესი და დადებითი გამოხმაურება ჰპოვა მონაწილეებს შორის. მათ სურვილი გამოთქვეს მომავალშიც ჩაერთონ ENRICHER Hubs-ის ფარგლებში დაგეგმილ ტრენინგებსა და ინოვაციურ პროგრამებში.
