2026 წლის 8-9 ივნისს, საბერძნეთის ქალაქ თესალონიკში, არისტოტელეს უნივერსიტეტში მეცნიერებისა და ტექნოლოგიების ევროპული თანამშრომლობის ორგანიზაციის - „COST ასოციაცია“ COST CA22124 - ECO4ALL მეოთხე სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა. ორი დღის განმავლობაში მონაწილეებმა იმსჯელეს პროექტის კომუნიკაციის, შედეგების გავრცელების, დაინტერესებულ მხარეებთან თანამშრომლობისა და ქსელური საქმიანობის გაძლიერების სტრატეგიებზე. შეხვედრის პროგრამა მოიცავდა პროექტის ხილვადობის, დაინტერესებული მხარეების ჩართულობის, სამეცნიერო პუბლიკაციების, ციფრული ინსტრუმენტების გამოყენების, საზოგადოებასთან ურთიერთობისა და დისემინაციის ეფექტიანობის საკითხებს.
ღონისძიებაში ევროპის სხვადასხვა ქვეყნის მკვლევრებთან და დაინტერესებულ მხარეებთან ერთად, მონაწილეობდა კავკასიის უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის პროფესორი გურანდა ჭელიძე, რომელმაც წარადგინა მოხსენება „პროექტის ხილვადობის ეფექტიანი მექანიზმები და დისემინაციის სტრატეგიული როლი ECO4ALL შედეგების მდგრადობის გაძლიერებაში“. მოხსენებაში განხილული იყო პროექტის შედეგების ეფექტიანი გავრცელების მნიშვნელობა, თანამედროვე საკომუნიკაციო ინსტრუმენტების გამოყენება და დისემინაციის სტრატეგიული როლი საერთაშორისო კვლევითი პროექტების მდგრადობისა და გრძელვადიანი გავლენის უზრუნველსაყოფად.
