კავკასიის უნივერსიტეტისა და ამბერგ-ვეიდენის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტის ერთობლივი მოკლევადიანი საგანმანათლებლო პროგრამა

23 ოქტომბერი 2026

5-17 ოქტომბერს, კავკასიის უნივერსიტეტსა და ამბერგ-ვეიდენის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტს (OTH-AW)  შორის არსებული თანამშრომლობის ფარგლებში, გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის (DAAD) მიერ დაფინანსებული პროგრამა: “AI meets Arts”, წარმატებით განხორციელდა.  

 

საზაფხულო სკოლა ორ ეტაპად განხორციელდა: პირველი ეტაპი კავკასიის უნივერსიტეტში, ხოლო მეორე ნაწილი გერმანიაში, ამბერგ-ვეიდენის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტში (OTH-AW). პროგრამა მოიცავდა ლექციებს, პრაქტიკულ სემინარებსა და ჰაკათონს ხელოვნური ინტელექტის თანამედროვე მიმართულებებზე. 

 

აკადემიურ პროგრამას ამბერგ-ვეიდენის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტის მხრიდან უძღვებოდნენ პროფესორი ტატიანა ივანოვსკა და მისი კოლეგა, პროფესორი ჯერალდ პირკლი. კავკასიის უნივერსიტეტის ტექნოლოგიების სკოლის მხრიდან პროგრამაში ჩართული იყვნენ კომპიუტერული მეცნიერებისა და ხელოვნური ინტელექტის საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელი, პროფესორი რატი სხირტლაძე, რომელმაც მონაწილეებს ენობრივი და ვიზუალურ-ენობრივი მოდელები გააცნო, და პროფესორი გურამ შვანგირაძე, რომელმაც ნეირონულ ქსელებსა და გამოსახულებების ანალიზში კონვოლუციური მოდელების გამოყენებაზე ისაუბრა.

 

პროგრამის ფარგლებში მონაწილეებმა განავითარეს პრაქტიკული უნარები, იმუშავეს გუნდურ პროექტებზე და ჰაკათონის დასკვნით ეტაპზე საკუთარი ნამუშევრები წარადგინეს. საზაფხულო სკოლის მნიშვნელოვანი ნაწილი ასევე იყო კულტურული აქტივობები საქართველოში და გერმანიაში, რომლებმაც ხელი შეუწყო მონაწილეთა შორის გამოცდილების გაზიარებასა და საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავებას. 

 

აღნიშნული პროგრამა მნიშვნელოვანი იყო უნივერსიტეტებს შორის აკადემიური თანამშრომლობის გაძლიერებისა და ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობების შემოქმედებით სფეროებთან დაკავშირებისთვის.