კახა შენგელიას ვიზიტი ნიუ-ჯერსი სითი უნივერსიტეტში

22 თებერვალი 2022

 

კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტი, კახა შენგელია საქმიანი ვიზიტით ნიუ-ჯერსი სითი (აშშ) უნივერსიტეტში იმყოფება, სადაც პარტნიორი უნივერსიტეტის პრეზიდენტმა, სიუ ჰენდერსონმა უმასპინძლა. 

 

აღსანიშნავია, რომ კავკასიის უნივერსიტეტი, ნიუ-ჯერსი სითი უნივერსიტეტთან ერთად, ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში პირველად ახორციელებს კიბერუსაფრთხოების ერთობლივ საბაკალავრო პროგრამას.

 

პროგრამა, ერთის მხრივ, პირველი კიბერუსაფრთხოების მიმართულებით შექმნილი საგანამანთლებლო პროგრამაა საქართველოში, მეორეს მხრივ კი პირველი 3 წლიანი საბაკალავრო პროგრამა, რომელიც ორი უმაღლესი საგანამანთლებლო დაწესებულების დიპლომს გასცემს კურსდამთავრებულთათვის.

 

კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტის შეერთებულ შტატებში ვიზიტის მთავარი მიზანი ერთობლივი პროგრამის დეტალების განხილვა გახლდათ, აგრეთვე  ინფრასტრუქტურის, კიბერ ლაბებისა  და იმ სერვისების  ადგილზე გაცნობა, რომლითაც ქართველი სტუდენტები პროგრამის ფარგლებში ისარგებლებენ ამერიკის შეერთებულ შტატებში ყოფნისას.

 

ვიზიტის ფარგლებში განხორციელდა არაერთი სამუშაო შეხვედრა, რომელსაც  ნიუ-ჯერსი სითი უნივერსიტეტის პრეზიდენტთან ერთად  ესწრებოდნენ უნივერსიტეტის უფროსი ვიცე-პრეზიდენტი - თამარა ჯაში, ასოცირებული ვიცე-პრეზიდენტი - თამარა კანინგემი,    პროფესიული კვლევების კოლეჯის ასოცირებული დეკანი - მარვინ უოკერი.

 

ნიუ-ჯერსი სითი უნივერსიტეტი  ნიუ ჯერსის შტატის ყველაზე ფართოპროფილიანი და გამოცდილი უნივერსიტეტების რიგებშია. ის, ასევე ერთ-ერთია ქვეყნის იმ რამდენიმე ინსტიტუტთაგან, რომელსაც აქვს ფედერალური უფლებები, როგორც კიბერუსაფრთხოებაში, ასევე დაზვერვაში.