12-16 იანვარს, კავკასიის უნივერსიტეტს TH Wildau-ის უნივერსიტეტის წარმომადგენლები ესტუმრნენ. აღსანიშნავია, რომ კავკასიის უნივერსიტეტი TH Wildau-ის უნივერსიტეტთან ერთად ციფრული ლოგისტიკის მენეჯმენტის სამაგისტრო პროგრამას ახორციელებს.
ვიზიტის ფარგლებში, TH Wildau-ის გამოყენებითი მეცნიერებების ტექნიკური უნივერსიტეტის საინჟინრო და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა დეპარტამენტის პროფესორი და დოქტორი - ფრენკ გილერტი და დოქტორი - ანდრეას დუდლიკი შეხვდნენ პროგრამის პირველი მიღების სტუდენტებს, რომლებთან ერთადაც განიხილეს ციფრული ლოგისტიკის მენეჯმენტის სამაგისტრო პროგრამის მომდევნო ეტაპები, ასევე ისაუბრეს ბოლო სემესტრის გეგმებზე, რაც პროგრამის მიხედვით სტუდენტების გერმანიაში გამგზავრებას და სწავლას გულისხმობს. სტუდენტებს ონლაინ შეხვდა, ასევე, TH Wildau-ის ლექტორი - საბინ ბუჩერი.
ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრა გაიმართა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან პეტერ ფიშერთან. შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოს ხელსაყრელი ლოგისტიკური ადგილმდებარეობის მნიშვნელობა, ციფრული ლოგისტიკის მენეჯმენტის პროგრამის უნიკალურობა ქართული ბაზრისთვის, ასევე ისაუბრეს სამომავლო ურთიერთთანამშრომლობასა და ერთობლივი პროექტების განხორციელებაზე.
შეხვედრა გაიმართა, ასევე, სამაგისტრო პროგრამის პარტნიორი ლოგისტიკური კომპანიების წარმომადგენლებთან, სადაც მხარეებმა ისაუბრეს ერთობლივი პროექტების განხორციელებაზე.
TH Wildau-ის უნივერსიტეტის წარმომადგენლებს კავკასიის უნივერსიტეტის მხრიდან მასპინძლობდნენ: კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტი კახა შენგელია, ვიცე-პრეზიდენტი ინტერნაციონალიზაციის მიმართულებით ირენა მელუა, კავკასიის ტექნოლოგიების სკოლის დეკანი შოთა ნიჟარაძე, პროგრამის ხელმძღვანელი და პროფესორი გიორგი დობორჯგინიძე.
აღსანიშნავია, რომ ციფრული ლოგისტიკის მენეჯმენტის ერთობლივ სამაგისტრო პროგრამა გასცემს ერთობლივ დიპლომს და ხორციელდება გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის (DAAD) მხარდაჭერით და საქართველოს ლოგისტიკის ასოციაციასთან (GLA) თანამშრომლობით.
ინგლისურენოვანი სამაგისტრო პროგრამა პირველია რეგიონში, რომელიც ლოგისტიკის მენეჯმენტის მიმართულებით ხორციელდება. ის უნიკალურია თავისი შინაარსით, მულტიდისციპლინური კურიკულუმით, რაც შესაძლებელს ხდის გადაამზადოს მაღალი რანგის, სხვადასხვა დარგის პროფესიონალები. საქართველოს ხელსაყრელი ლოგისტიკური ადგილმდებარეობიდან გამომდინარე უდიდესი პოტენციალი აქვს გახდეს რეგიონული ლოგისტიკური ჰაბი. რაც ხაზს უსვამს კიდევ ერთხელ იმ ფაქტს, რომ ბაზარზე კვალიფიციურ კადრებზე მოთხოვნა გაიზრდება და მნიშვნელოვანია სფეროში პროფესიონალი კადრების არსებობა.
TH Wildau მოწინავე უნივერსიტეტია გერმანიაში ლოგისტიკის მიმართულებით, ბერლინის მახლობლად, ბრანდენბურგის მიწაზე. იგი წარმოადგენს გერმანიის ერთ-ერთ ყველაზე ინოვაციურ საგანმანათლებლო-სამეცნიერო ცენტრს, რომელიც გასულ წელს დასახელდა სამეცნიერო დაწესებულებების ხუთეულში მთელი გერმანიის მასშტაბით. იგი ფოკუსირებულია ბიზნესის ადმინისტრირებისა და ტექნიკური დისციპლინების ურთიერთდამოკიდებულების თეორიულ და პრაქტიკულ ცოდნაზე, ასევე უახლეს საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებზე. სამეცნიერო-კვლევითი კუთხით იგი თანამშრომლობს ისეთ ტექნოლოგიურ და ლოგისტიკის დარგის გიგანტებთან როგორებიცაა: Mercedes Benz, BMW, Siemens, Bombardier, Airbus, Rolls Royce Sony, Fujitsu, ABB, DB Schenker, DHL, Fiege.