პირველი საერთაშორისო კონფერენცია -„ბავშვზე მორგებული მართლმსაჯულების სისტემა და ბავშვის უფლებები - საუკეთესო ევროპული და ამერიკული გამოცდილება“

21 ნოემბერი 2023

20 ნოემბერს - ბავშვთა მსოფლიო დღეს, სასტუმრო „შერატონ გრანდ მეტეხი პალასში“ პირველი საერთაშორისო კონფერენცია -„ბავშვზე მორგებული მართლმსაჯულების სისტემა და ბავშვის უფლებები - საუკეთესო ევროპული და ამერიკული გამოცდილება“ გაიმართა, რომელში მონაწილეობასაც ბავშვებიც იღებდნენ.

 

კონფერენციამ გააერთიანა, როგორც ქართველი, ისე უცხოელი პროფესორები და დარგის ექსპერტები, მოსამართლეები, პროკურორები და ადვოკატები, სახელმწიფო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, პრაქტიკოს იურისტები სხვადასხვა უწყებებიდან, ბავშვის უფლებებზე მომუშავე საერთაშორისო ორგანიზაციები.

 

კონფერენცია ჩატარდა კავკასიის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ბავშვის უფლებათა ცენტრის და ევროპის საბჭოს მიერ, ევროპის საბჭოს და ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით, გაეროს ბავშვთა ფონდთან თანამშრომლობით. აღნიშნულმა ღონისძიებამ მულტიდისციპლინური შინაარსის მოხსენებები გააერთიანა და მიეძღვნა ბავშვის უფლებების დაცვის საკითხს, როგორც სისხლის, ისე სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის ჭრილში.

 

კონფერენცია მოიცავდა ხუთ სესიას, რომლებიც შეეხებოდა მოზარდების უფლებრივ მდგომარეობას სკოლებში, გამოწვევებს ციფრულ სამყაროში, ბავშვთა სექსუალური ექსპლუატაციის და სექსუალური ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისას არსებულ მიღწევებსა და გამოწვევებს, კანონთან კონფლიქტში მყოფი, დაზარალებული და მოწმე ბავშვების უფლებებს სისხლის სამართლის პროცესში, ამ მიმართებით არსებულ გამოწვევებს და განვითარების პერსპექტივებს, ბავშვთა უფლებებს სამოქალაქო და ადმინისტრაციულ წარმოებაში, საერთაშორისო მექანიზმებს და მათზე ხელმისაწვდომობის საკითხებს, სახელმწიფოს როლს ბავშვზე მორგებული მართლმსაჯულების სისტემის განვითარებაში, ბავშვზე მორგებული მართლმსაჯულების სისტემის სწრაფი დაფინანსების მექანიზმებს.