კავკასიის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის გუნდმა ფილიპ ჯესაპის სახელობის საერთაშორისო სამართლის იმიტირებული პროცესის ეროვნულ ჩემპიონატში წარმატებას მიაღწია და მონაწილეობას მიიღებს შეჯიბრის საერთაშორისო რაუნდებზე, 2020 წლის გაზაფხულზე ვაშინგტონში.
წელს, კავკასიის უნივერსიტეტი, მრავალწლიანი შესვენების შემდეგ, პირველად გამოჩნდა შეჯიბრზე, სადაც მონაწილეობას იღებდა სულ 4 გუნდი, მათ შორის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, თავისუფალი უნივერსიტეტი და საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი.
კავკასიის სამართლის სკოლამ მოიპოვა ექსკლუზიური სტატუსი საერთაშორისო რაუნდებზე მონაწილეობის და ჩაატარებს პროცესებს მიწვეულ გუნდებთან, საიდანაც გამოვლინდება გამარჯვებული და გამოქვეყნდება რეიტინგი. კავკასიის გუნდის წევრები დაესწრებიან პროცესებს, სადაც ისინი იქნებიან ბეილიფები (მოსამართლეების დამხმარეები) და მიიღებენ მრავალმხრივ გამოცდილებას მთელი შეჯიბრის განმავლობაში.
კავკასიის უნივერსიტეტის შეჯიბრში მონაწილეობა გადაწყდა საერთაშორისო სამართლის სტუდენტთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის, ლესლი ბენის, გადაწყვეტილებითა და ჯესაპ ჯორჯიას რეკომენდაციით.
კავკასიის გუნდი დაკომპლექტებულია მაგისტრატურისა და ბაკალავრიატის სტუდენტებისგან: ელიზავეტ ძოწენიძე (სამართლის ბაკალავრი), ლაზარე ნაფეტვარიძე (სამართლის ბაკალავრი), რუსუდან შაშიკაძე (სამართლის მაგისტრი) და ელენე კახნიაშვილი (ბიზნეს სკოლის მაგისტრი; საერთაშორისო სამართლის ბაკალავრი). გუნდს კი ხელმძღვანელობს - თინათინ ობოლაძე.
შეჯიბრში გუნდის მონაწილეობას უზრუნველყოფს და ორგანიზაციულ მხარდაჭერას ახორციელბს, კავკასიის სამართლის სკოლის დეკანი, სოფიო შენგელია.
ფილიპ ჯესაპის სახელობის საერთაშორისო სამართლის იმიტირებული სასამართლო შეჯიბრი (Philip C. Jessup International Law Moot Court) 61-ჯერ ტარდება და წარმოადგენს საერთაშორისო სამართლის სფეროში ყველაზე მასშტაბურ და პრესტიჟულ იმიტირებული სასამართლო პროცესების შეჯიბრს. იგი გაერთიანებული ერების მართლმსაჯულების სასამართლოს (International Court of Justice) სიმულაციაა.
შეჯიბრში მონაწილეობას იღებენ სტუდენტები მსოფლიოს 100-ზე მეტი ქვეყნის 700-ზე მეტი სამართლის სკოლიდან. შეჯიბრის ორგანიზატორია საერთაშორისო სამართლის სტუდენტთა ასოციაცია (ILSA) და მსოფლიოში უდიდესი იურიდიული ფირმა „White & Case LLP”.
შეჯიბრი შედგება ეროვნული და საერთაშორისო ეტაპებისგან, ეროვნული საკვალიფიკაციო ეტაპის ნაწილზე, თითოეულ უნივერსიტეტს ერთი გუნდი წარმოადგენს და ამზადებს წერილობით თუ ზეპირ მოხსენებებს სასამართლოს წინაშე წარსადგენად. გამარჯვებული გუნდი, თავისი ქვეყნის სახელით, გაემგზავრება საერთაშორისო რაუნდზე.
2019-2020 წლის ჯესაპის პრობლემა ეხება ისეთ საკითხებს, როგორებიცაა: სახელმწიფოთა სამართალმემკვიდრეობა, სრულად ავტონომიური იარაღის საერთაშორისო სამართალთან შესაბამისობა, ფორუმის კონფლიქტი და სახელმწიფო მეთაურთა პასუხიმგებლობა.
აღნიშნული საკითხები წარმოადგენს საერთაშორისო სამართლის თანამედროვე პრობლემებს, რაზეც მიმდინარეობს სახელმწიფოს პრაქტიკისა და სამართლებრივი ჩარჩოს ჩამოყალიბება.