21-22 ნოემბერს, კავკასიის უნივერსიტეტს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრიდან ექსპერტთა ჯგუფი ეწვია, მათ შემადგენლობაში იყვნენ საერთაშორისო ექსპერტები, ალბრეხტ აჰიმი და ანდრეას ზიგლერი.
ექსპერტებმა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროგრამის - STUDY IN GEORGIA-ს ფარგლებში, კავკასიის უნივერსიტეტში სამართლის საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების განმავითარებელი შეფასება განახორციელეს. აღნიშნული ვიზიტი აკრედიტაციის ახალი სტანდარტების პილოტირებასაც ემსახურებოდა.
ალბრეხტ აჰიმი ევროპისა და საერთაშორისო ბიზნეს სამართლის პროფესორია ვესტფალიის უნივერსიტეტში. ის ხელმძღვანელობს ბიზნეს ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამას ფაიფერის უნივერსიტეტში, ჩრდილოეთ კაროლინაში (ამერიკა). განხორციელებული აქვს 27 პროგრამული შეფასება 19 ქვეყანაში. ალბრეხტ აჰიმი არის გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის (DAAD) ექსპერტი.
ანდრეას ზიგლერი ლოზანის უნივერსიტეტის სრული პროფესორია. 4 წლის განმავლობაში ამავე ფაკულტეტზე იკავებდა დეკანის მოადგილის თანამდებობას. ამჟამად არის ევროპის იურიდიული ფაკულტეტების ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი და ევროპის სხვადასხვა ქვეყნის წამყვან უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ეწევა პედაგოგიურ და სამეცნიერო საქმიანობას.
აღსანიშნავია, რომ შეფასების პროცესში, საერთაშორისო ექსპერტთან ერთად წარმოდგენილნი იყვნენ ქართველი ექსპერტები, სტუდენტი და დამსაქმებელი.
აგრეთვე, ექსპერტები შეიმუშავებენ რეკომენდაციებს როგორც პროგრამების დახვეწისა და განვითარების, ასევე სამართლის დარგობრივი მახასიათებლების გადამუშავების მიმართულებით.