CSB-ის პროფესორები EAA 2025-ის წლიურ კონგრესზე

4 ივნისი 2025

კავკასიის უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის (CSB) კვლევითი ცენტრის წარმომადგენლებმა მონაწილეობა მიიღეს ევროპის ბუღალტერთა და ფინანსისტთა ასოციაციის (EAA) 47-ე ყოველწლიურ კონგრესში, რომელიც 2025 წლის 28-30 მაისს გაიმართა რომში, ლუის გუიდო კარლის უნივერსიტეტში.

 

EAA არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი აკადემიური გაერთიანება ევროპაში ბუღალტერიისა და ფინანსების სფეროში. წელს კონგრესს დაესწრო 56 ქვეყნიდან ჩამოსული 1,649 მეცნიერი, ხოლო მონაწილეთა მიერ წარდგენილი 1,015 სამეცნიერო ნაშრომი შეირჩა დაფარული რეცენზირების მკაცრი პროცესის შედეგად.

 

საქართველო კონგრესზე წარადგინეს CSB-ის პროფესორებმა, ერეკლე პირველმა და ვახტანგ ფარცვანიამ, რომლებმაც SEE (სოციალური, ეკოლოგიური და ეთიკური საკითხების) პანელზე შვედეთის იონქოფინგის უნივერსიტეტის პროფესორ ტიმურ უმანთან თანაავტორობით წარადგინეს ნაშრომი: რუსული სტრატეგიული საკუთრება და კორპორაციული მდგრადობის გამჟღავნების პრაქტიკა საქართველოში. პროფესორებმა აქტიური მონაწილეობა მიიღეს სამეცნიერო დისკუსიებში, რომლებიც ეხებოდა ბუღალტერიას, ფინანსებს, კორპორაციულ მმართველობასა და მდგრადობას. წარდგენილი ნაშრომი ამჟამად განხილვის პროცესშია ჟურნალში Journal of Accounting in Emerging Economies (Scopus Q1).

 

მონაწილეობა ამ მნიშვნელოვან საერთაშორისო კონგრესში შესაძლებელი გახდა კავკასიის უნივერსიტეტის ფინანსური მხარდაჭერით. აღნიშნული კვლევითი პროექტი დაფინანსებულია შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ 2023 წლის ფუნდამენტურ მეცნიერებათა სახელმწიფო გრანტის ფარგლებში.