3 მარტს, კავკასიის უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზში, CU-ის სტუდენტებისთვის, საქართველოში Women in Tech-ის პირველი ღონისძიება გაიმართა.
პანელური დისკუსიის თემა იყო: Becoming a GAME CHANGER
დისკუსიის მონაწილე სპიკერები იყვნენ: აიუმი მურ აოკი - Women in Tech-ის დამფუძნებელი და პრეზიდენტი, მარიამ ლაშხი - საქართველოს პარლამენტის წევრი, გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს წევრი, მარიამ ქობალია - EBRD - გენდერის და ეკონომიკური ინკლუზიის პოლიტიკის მიმართულების ხელმძღვანელი სამხრეთ კავკასიაში და ნინო ლორთქიფანიძე - THE Crossroads-ის ინოვაციების უფროსი ხელმძღვანელი, WIT-ის ელჩი საქართველოში. სტუმრებს კავკასიის უნივერსიტეტის ვიცე-პრეზიდენტმა, ბუბა ლეჟავამ, უმასპინძლა.
სპიკერებმა ისაუბრეს ისეთ მნიშვნელოვან თემებზე, როგორიცაა: ქალების როლი ტექნოლოგიებში, გამოწვევები და სირთულეები რომლებსაც მუდმივად აწყდებიან, ქალის, როგორც ლიდერის, ძლიერი და დადებითი მხარეები, რა იყო და არის მამოტივირებელი ძალა სპიკერებისთვის ლიდერობისკენ მიმავალ გზაზე და როგორ უნდა გაუმკლავდნენ მომავალი თაობები ამ სირთულეებს. ღონისძიება ინტერაქციულ ფორმატში წარიმართა, მონაწილეებმა ამომწურავი პასუხები მიიღეს მათთვის საინტერესო და მნიშვნელოვან საკითხებზე.
THE Crossroads სტარტაპ პლატფორმის და Women in Tech-ის პარტნიორობის ფარგლებში, საქართველოში WIT-ის ოფიციალური წარმომადგენლობა დაარსდა, რომელსაც კავკასიის უნივერსიტეტის კურსდამთავრებული - ნინო ლორთქიფანიძე - უხელმძღვანელებს.
Women in Tech მიზნად ისახავს ტექნოლოგიების სფეროში თანასწორი გარემოს შექმნას, ქალი მეწარმეებისა და სტარტაპერების გაძლიერებას, ტექ. ინდუსტრიაში ახალი შესაძლებლობების შექმნასა და ინოვაციების ხელშეწყობას.