კიბერ უსაფრთხოების და 5G ლიგა“ წარმატებით დასრულდა

26 სექტემბერი 2022

24 სექტემბერს, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებული საერთაშორისო სეზონური სკოლა, რომელიც კავკასიის უნივერსიტეტისა და სამეცნიერო კიბერ უსაფრთხოების ასოციაციის საგრანტო პროექტის: „კიბერ უსაფრთხოების და 5G ლიგის“ ფარგლებში ტარდებოდა, წარმატებით დასრულდა. პროექტის ხელმძღვანელი კავკასიის ტექნოლოგიების სკოლის პროფესორი მაქსიმ იავიჩი იყო.

 

14 დღიანი ინტენსიური ტრენინგები, 5-18 სექტემბერს, კავკასიის უნივერსიტეტში მიმდინარეობდა. ტრენინგებს 40_მდე მსმენელი ესწრებოდა, რომლებიც კონკურსის წესით შეირჩნენ.

 

სეზონურ სკოლაში ტრენინგებს ატარებდნენ მიმართულების წამყვანი სპეციალისტები მსოფლიოს 8 ქვეყნიდან: აშშ, საქართველო, საფრანგეთი, ესპანეთი, იტალია, რუმინეთი, უზბეკეთი და ლიეტუვა. დარგის პროფესორებმა თეორიული მოხსენებები და პრაქტიკული შეხვედრები გამართეს კიბერ უსაფრთხოების, 5G ქსელის, ხელოვნური ინტელექტის, ფიზიკური უსაფრთხოების, სოციალური ინჟინერიისა და პროგრამირების მიმართულებით.

 

პროექტის ძირითადი მიზანი დარგის სპეციალისტების და ახალი მაღალკვალიფიციური კადრების მომზადება, ეროვნული კიბერშესაძლებლობების გაძლიერება, ქვეყნის 5G და მომდევნო ტექნოლოგიებისთვის მომზადება და ამ ტექნოლოგიების უსაფრთხოების უზრუნველყოფა, კიბერ უსაფრთხოების და 5G ტექნოლოგიების სამეცნიერო მიმართულებით ახალგაზრდების დაინტერესება, მომხმარებელთა ცნობიერების ამაღლება და საჯარო და კერძო თანამშრომლობის დამატებითი (Public-Private Partnership) პლატფორმის შექმნა იყო. 14 დღიანი ინტენსიური ტრენინგების მონაწილეებს სერტიფიკატები გადაეცათ.