ერასმუს+CBHE პროექტის „მწვანე ტურიზმის კონცეფციის შემუშავება ცოდნის გაღრმავების გზით (ENRICHER HUBS) “ ფარგლებში, კავკასიის უნივერსიტეტმა გამოაქვეყნა ანგარიში საქართველოსა და მოლდოვაში მწვანე ტურიზმის გავრცელებული პრაქტიკების შესახებ.
კვლევა, რომელსაც ხელმძღვანელობდა კავკასიის ტურიზმის სკოლის პროფესორი გიორგი ბრეგაძე, აღწერს მიმდინარე პრაქტიკას, გამოწვევებს და სამომავლო საჭიროებებს აღნიშნულ რეგიონში მდგრადი ტურიზმის სერვისების განვითარების კუთხით.
კვლევის ძირითადი მიგნებები მიუთითებს მნიშვნელოვან გამოწვევებზე, მათ შორის საკანონმდებლო დაბრკოლებებზე, შეზღუდულ რესურსებსა და საბაზრო მოთხოვნასთან დაკავშირებულ საკითხებზე, რომლებიც ხელს უშლიან მდგრადი ტურიზმის განვითარებას. ანგარიში ასევე ხაზს უსვამს ცოდნისა და კომპეტენციების გაუმჯობესების საჭიროებას ტურიზმის ინდუსტრიის მდგრადი განვითარების უზრუნველსაყოფად.
გენუის უნივერსიტეტთან ერთად ევროკავშირის სხვადასხვა უნივერსიტეტმა ჩაატარა ერთობლივი საუკეთესო პრაქტიკის კვლევა. კვლევაში გამოკვეთილი მიგნებები ხელს შეუწყობს მომავალი სასწავლო პროგრამებისა და სემინარების დაგეგმვას, რომლებიც მიზნად ისახავს მწვანე ტურიზმის პრაქტიკის გაუმჯობესებას საქართველოსა და მოლდოვაში.
საქართველოსა და მოლდოვის კვლევის შედეგები შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.
ანგარიში მდგრადი ტურიზმის საუკეთესო პრაქტიკის შესახებ ევროკავშირის ქვეყნებში შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.
კავკასიის უნივერსიტეტთან ერთად, პროექტში ჩართულია 8 კერძო და საჯარო უნივერსიტეტი, მათ შორის ავსტრიის, მოლდოვის, იტალიისა და ფინეთის წამყვანი ევროპული უნივერსიტეტები. პროექტის კოორდინატორია ჰააგა-ჰელიას გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტი.
დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ ეწვიოთ პროექტის ვებ-გვერდს.