2-6 სექტემბერს, კავკასიის უნივრსიტეტის სახელმწიფო მართვისა და მედიის სკოლის სტუდენტები - ქეთევან კანთელაძე, ირინა მუგდუსი და ავდინა ჯაოშვილი გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ დაფინანსებული პროექტის - „მედია დიალოგი დემოკრატიისა და მშვიდობისათვის“ ფარგლებში, სამუშაო შეხვედრებზე იმყოფებოდნენ ერევანში, სომხეთში.
შეხვედრების მთავარი მიზანი პროექტის მონაწილე ქვეყნებში (გერმანია, საქართველო, ბელორუსია, სომხეთი, უკრაინა) არსებული პოლიტიკური და სოციალური მედიის პრობლემების განხილვა იყო. პროექტის ფარგლებში მონაწილეები გადანაწილდნენ დებატების, აუდიო-ვიზუალურ და ფოტო/ბლოგის სამუშაო ჯგუფებში.
დებატჯგუფის მონაწილეებმა განიხილეს ისეთი საკითხები, როგორიცაა: სიძულვილის ენა, კონფლიქტების გაშუქება მედიაში, ყალბი ინფორმაცია, პროპაგანდა. მონაწილეებმა ამასთანავე, წარმოადგინეს პრეზენტაცია 2008 წლის რუსეთ - საქართველოს ომის შესახებ.
ბლოგჯგუფის მონაწილეები და პროექტის ორგანიზატორები შეხვდნენ სომხეთის ჟურნალისტური გაერთიანების წარმომადგენელს და ისაუბრეს რა თვისებები უნდა ჰქონდეს წარმატებულ ჟურნალისტს. პროექტის ფარგლებში ისინი ასევე შეხვდნენ სამხედრო პოლიციის ლეიტენანტს, რომელმაც განიხილა ყარაბახის კონფლიქტის გავლენა ხავერდოვან რევოლუციაზე.
აუდიო-ვიზუალურმა ჯგუფმა მოამზადა ვიდეო სიძულვილის ენაზე, ხოლო ბლოგის ჯგუფმა შექმნა შესაბამისი მასალა, რომელშიც ასახულია ზემოთხსენებული ორივე ჯგუფის სამუშაო პროცესი.
დასკვნით ნაწილში გაიმართა კონფერენცია, რომლის ფარგლებში მონაწილეებმა შეაჯამეს პროექტის შედეგები.
პროექტის ფარგლებში შემდეგი შეხვედრა დაგეგმილია ამავე წლის 20-27 ოქტომბერს, რომელიც გაიმართება კიევში.