ERASMUS+ -ის ინსტიტუციური განვითარების პროექტის ,,უნივერსიტეტების როლი რეგიონის განვითარებაში“ შეხვედრა ბათუმში

1 ივლისი 2021

 

27-30 ივნისს, ბათუმში ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ERASMUS+ ინსტიტუციური განვითარების (CBHE) პროექტის „რეგიონული უნივერსიტეტების როლი რეგიონის განვითარებაში“  სამუშაო შეხვედრები გაიმართა, რომელშიც, პროექტის კონსორციუმში შემავალი რეგიონული ქართული უნივერსიტეტების წარმომადგენლებთან ერთად, მონაწილეობას იღებდნენ კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტი კახა შენგელია და საერთაშორისო ურთიერთობებისა და პროექტების დეპარტამენტის დირექტორი ირენა მელუა. ღონისძიებას ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტმა და ბათუმის საზღვაო აკადემიამ  უმასპინძლა. 

 

შეხვედრაზე, 10 რეგიონული უნივერსიტეტის წარმომადგენელი რექტორის ჩართულობით, განიხილეს რეგიონული უნივერსიტეტების რექტორთა კონფერენციის ხელშეკრულების საბოლოო ვერსია და შეაჯამეს პირველი სამუშაო პაკეტის აქტივობები და შედეგები. რეგიონულ რექტორთა კონფერენციის ხელშეკრულების საბოლოო ვერსიას 9 ივლისს ოფიციალურად აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში მოეწერება ხელი. 

 

შეხვედრის ფარგლებში რეგიონული უნივერსიტეტის რექტორებმა  და წარმომადგენლებმა  კავკასიის უნივერსიტეტის ბათუმის ახალი კამპუსის მშენებლობის პროცესი მოინახულეს. სტუმრებმა აღნიშნეს რომ აჭარის რეგიონისთვის ეს კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ხარისხიანი განათლების  მიწოდებას რეგიონში. 

 

RURD -ის პროექტის მიზანია ევროკავშირის პარტნიორებთან თანამშრომლობით საქართველოს რეგიონული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების როლის გაზრდა რეგიონების განვითარებაში, მათი მისიისა და სტრატეგიული განვითარების გეგმის მოდერნიზება, ასევე უნივერსიტეტებსა და ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოებს შორის თანამშრომლობის გაძლიერება თითოეული რეგიონის სპეციფიკის გათვალისწინებით.

 

პროექტში ჩართულები არიან საქართველოს  რეგიონული უნივერსიტეტები, მათ შორის კავკასიის უნივერსიტეტი, 4 ევროპელი პარტნიორი ესპანეთიდან, ავსტრიიდან, ჩეხეთიდან და ლიეტუვიდან, ასევე საქართველოს განათლებისა და  მეცნიერების სამინისტრო და განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი.

 

დამატებითი ინფორმაციისთვის, ეწვიეთ ბმულს.