საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, რეგიონის მასწავლებლებისთვის ონლაინ სემინარი გაიმართა.
შეხვედრას უძღვებოდნენ კავკასიის უნივერსიტეტის Erasmus+ ჟან მონეს პროექტის „ევროპული სწავლების სამკუთხედის“ (TEESS) ექსპერტები: ისტორიის დოქტორი, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის აფილირებული პროფესორი, ტრენერი ევროინტეგრაციის საკითხებზე გურანდა ჭელიძე, სამართლის დოქტორი, კავკასიის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ასოცირებული პროფესორი, ჟან მონეს მოდულის „აღმოაჩინე ევროკავშირი ასოცირების შეთანხმებაში“ (EUEAA) ავტორი და კოორდინატორი, ეკატერინე ქარდავა და ისტორიის დოქტორი, კავკასიის უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის პროფესორი ზურაბ ბრაგვაძე.
მომხსენებლებმა ევროკავშირის შექმნის იდეა, მისი მიზნები, ამოცანები და ევროპული ფასეულობები მიმოიხილეს. საუბარი, ასევე, შეეხო საქართველო ევროკავშირის ურთიერთობებს, ევროკავშირის დახმარების პროექტებს, ასოცირების შეთანხმებით ნაკისრ ვალდებულებებს, არსებულ ხელშესახებ სიკეთეებსა და სამომავლო პერსპექტივებს. ხაზი გაესვა ევროინტეგრაციის კონტექსტში საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის მნიშვნელობასა და დაცულობას.
მასწავლებლებს, ასევე, საშუალება ჰქონდათ გაცნობოდნენ დამხმარე სახელმძღვანელოს “ევროპული ასოცირების პროცესი საქართველოში“, რომლის ავტორებიც შეხვედრის მომხსენებლები არიან.
შეხვედრას, რომელსაც 80-მდე მასწავლებელი ესწრებოდა მოდერაცია ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორის მოადგილემ ირინა შამილაძემ გაუწია და ცენტრის საქმიანობასა და მიმდინარე პროექტებზე გაამახვილა ყურადღება.
სემინარი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში აშშ-ს საელჩოსთან ერთად ახორციელებს.