პროექტის RE-DIRECTION დასკვნით კონფერენცია

27 ოქტომბერი 2026

15 ოქტომბერს, Erasmus+ პროექტის RE-DIRECTION (Redefining Higher Education on a digital context, while promoting a common, inclusive and sustainable framework based on EU best practices and policy recommendations) ფარგლებში ონლაინ ფორმატში ჩატარდა საერთაშორისო დასკვნითი კონფერენცია - “მომავლისთვის მზადმყოფი უმაღლესი განათლების ფორმირება” (Shaping Future-Ready Higher Education). ღონისძიებას 410-ზე მეტი მონაწილე დაესწრო და მონაწილეთა 95%-მა ის დადებითად შეაფასა. კონფერენცია თავდაპირველად კიევში უნდა ჩატარებულიყო, თუმცა უკრაინაში მიმდინარე ომის გამო ონლაინ ფორმატში გაიმართა.

 

ღონისძიება გერმანიის კარლსჰოხშულეს საერთაშორისო უნივერსიტეტის პრეზიდენტის, პროფესორ რობერტ ლეპენისის მისასალმებელი სიტყვით გაიხსნა. პროგრამის ერთ-ერთი მთავარი ნაწილი იყო პანელური დისკუსია - “მედეგი უნივერსიტეტები” (Resilient Universities), რომლის ფარგლებშიც უმაღლესი განათლების წინაშე არსებული გამოწვევები და ინსტიტუციური მედეგობის გაძლიერების გზები განიხილეს.

 

კონფერენციაზე შეჯამდა პროექტის ძირითადი მიღწევები. პროექტის ფარგლებში უკრაინის, საქართველოს, საბერძნეთისა და გერმანიის 16 პარტნიორი ორგანიზაცია თანამშრომლობდა უმაღლესი განათლების სასწავლო პროგრამების მოდერნიზების, ციფრული ტრანსფორმაციის, მდგრადობისა და ინკლუზიურობის ხელშეწყობის მიზნით.

 

პროექტის მნიშვნელოვან შედეგებს შორისაა 15 კომპეტენციაზე დაფუძნებული მეთოდოლოგიური ჩარჩოს შემუშავება, სასწავლო პროგრამების განახლება და ევროპული კვალიფიკაციების ჩარჩოსთან შესაბამისობაში მოყვანილი ცხრა ახალი კურსის შექმნა. ასევე შემუშავდა უმაღლესი განათლების ინკლუზიურობის გზამკვლევი და ჩატარდა აკადემიური პერსონალის ტრენინგები ინკლუზიური სწავლების, ონლაინ სწავლებისა და ხელოვნური ინტელექტით გაძლიერებული საგანმანათლებლო მეთოდების მიმართულებით. ახალი სასწავლო მასალები 428 სტუდენტთან და 42 ლექტორთან გამოიცადა, მიღებული შედეგები კი მათ შემდგომ გაუმჯობესებას დაედო საფუძვლად.

 

მიღწეული შედეგების საფუძველზე, კონფერენციაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო პოლიტიკის რეკომენდაციებს, რომლებიც განათლების ტრანსფორმაციის პროცესში არსებული ინსტიტუციური, სტრუქტურული და სისტემური ბარიერების დაძლევას ისახავს მიზნად. უკრაინის განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენლების ხელმძღვანელობით გამართულ სამუშაო შეხვედრაზე მონაწილეებმა რეკომენდაციების პრაქტიკული განხორციელებისა და სამომავლო ინიციატივების საკითხები განიხილეს.

 

უკრაინაში ელექტროენერგიის დეფიციტისა და ინტერნეტთან დაკავშირებული შეფერხებების მიუხედავად, კონფერენცია და სამუშაო შეხვედრა წარმატებით ჩატარდა. ღონისძიებამ კიდევ ერთხელ გამოკვეთა საერთაშორისო თანამშრომლობის მნიშვნელობა მედეგი, ინკლუზიური და მომავლის გამოწვევებისთვის მზადმყოფი უმაღლესი განათლების სისტემის განვითარებაში.

 

Funded by the European Union. Views and opinions expressed are however those of the author(s) only and do not necessarily reflect those of the European Union or European Education and Culture Executive Agency (EACEA). Neither the European Union nor the European Education and Culture Executive Agency can be held responsible for them.