25-29 მაისს, Erasmus+ ინსტიტუციური განვითარების (Capacity Building in Higher Education – CBHE) პროგრამის მიერ დაფინანსებული PRODIGE-ის (Promoting Quality Digital Education in Georgia) პროექტის ფარგლებში, ალგებრა ბერნაისის უნივერსიტეტის ორგანიზებით გაიმართა სასწავლო ვიზიტი თემაზე - „როგორია ციფრული უმაღლესი განათლების კარგი პრაქტიკის მაგალითები?“.
სასწავლო ვიზიტში მონაწილეობდნენ საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლები.
პროექტის პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ერთად, კავკასიის უნივერსიტეტიდან სასწავლო ვიზიტის ფარგლებში მონაწილეობა მიიღეს სტრატეგიული განვითარებისა და კვლევის ხელშეწყობის დეპარტამენტების დირექტორმა, დავით წიკლაურმა და კავკასიის მედიის სკოლის ასისტენტ-პროფესორმა გიორგი სალუქვაძემ.
ვიზიტის ფარგლებში მონაწილეები გაეცნენ უნივერსიტეტის ციფრული ტრანსფორმაციის მოდელს, ციფრული განათლების ეკოსისტემას, მონაცემებზე დაფუძნებული მართვის მიდგომებს, ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმებსა და ევროკავშირის ციფრული განათლების სამოქმედო გეგმის (2021–2027) პრაქტიკაში დანერგვის გამოცდილებას. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო მიკროკვალიფიკაციებს (Micro-credentials), შერეული ინტენსიური პროგრამების (Blended Intensive Programme - BIP) მოდელსა და უწყვეტი განათლების ხელშემწყობ თანამედროვე საგანმანათლებლო მიდგომებს.
სასწავლო ვიზიტის ფარგლებში ქართული დელეგაცია, ასევე, ეწვია ხორვატიის მეცნიერების, განათლებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების სააგენტოს (AZVO), ხორვატიის აკადემიურ და კვლევით ქსელს (CARNET) და უნივერსიტეტის კომპიუტერულ ცენტრს (SRCE), სადაც გაეცნო ქვეყნის უმაღლესი განათლების პოლიტიკას, ხარისხის უზრუნველყოფის სისტემას, ციფრულ ინფრასტრუქტურასა და განათლების სფეროში დანერგილ ინოვაციურ პრაქტიკებს.
ვიზიტმა მონაწილეებს მისცა შესაძლებლობა გაეზიარებინათ წარმატებული ევროპული გამოცდილება, რომელიც ხელს შეუწყობს საქართველოს უმაღლესი განათლების დაწესებულებების ციფრულ ტრანსფორმაციას.
“Funded by the European Union. Views and opinions expressed are however those of the author(s) only and do not necessarily reflect those of the European Union or The European Education and Culture Executive Agency (EACEA). Neither the European Union nor the granting authority can be held responsible for them.”
