გურჯაანში USAID-ისა და კავკასიის უნივერსიტეტის პარტნიორობის ფარგლებში კავკასიის გასტრონომიის აკადემია იქმნება

17 ოქტომბერი 2023

14 ოქტომბერს, გურჯაანში, USAID-ის ეკონომიკური ზრდის ოფისის დირექტორი მიშელ კოსიელსკი შეხვდა კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტს კახა შენგელიას, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს ლევან დავითაშვილს, განათლებისა და მეცნიერების მინისტრს გიორგი ამილახვარს და პარლამენტის წევრს დავით სონღულაშვილს.

 

შეხვედრაზე ოფიციალურად ჩაეყარა საფუძველი ახალ პარტნიორულ ურთიერთობას, რომელიც მიზნად ისახავს კავკასიის გასტრონომიის აკადემიის (CAG) დაარსებას გურჯაანში, კახეთი. აღნიშნული პარტნიორობა გაზრდის გასტრონომიის ინდუსტრიის სტუდენტებისა და პროფესიონალების დასაქმების შესაძლებლობებს, სწრაფად მზარდ სექტორში სათანადო უნარ-ჩვევების დაუფლებას, დასაქმებასა და უკვე არსებულ პოზიციებზე წინსვლის  საშუალებას მისცემს.  

 

USAID-ის მხარდაჭერით კავკასიის უნივერსიტეტი და მისი პარტნიორები - განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, ბასკეთის კულინარიული ცენტრი სან სებასტიანში (ესპანეთი), Silk Hospitality Group და საქართველოს გასტრონომიული ტურიზმის ბიზნეს ასოციაცია - ხელს შეუწყობენ გასტრონომიის ინდუსტრიის პროფესიონალთა უნარებში არსებულ განსხვავების აღმოფხვრას და ისარგებლებენ ბაზარზე არსებული მზარდი მოთხოვნით.

 

ბასკეთის კულინარიული ცენტრი ერთ-ერთი წამყვანი მოთამაშეა კულინარიული განათლების სამყაროში. პარტნიორობის ფარგლებში შეიქმნება კულინარიული ხელოვნების 24-თვიანი ტრენინგ პროგრამა და ასევე უნარების გასაუმჯობესებელი მოკლევადიანი სასწავლო პროგრამები, სადაც მონაწილეები დაეუფლებიან საცხობი და საკონდიტრო ნაწარმის, საკვებისა და სასმელების მენეჯმენტს, გასტრონომიულ და ავანგარდულ ტენდენციებს, კრეატიულობასა და გაფორმების ხელოვნებას. უნარების განვითარების ეკოსისტემის ამ ახალი პროგრამების მეშვეობით კავკასიის გასტრონომიის აკადემია მოიპოვებს საერთაშორისო აღიარებას და დააკმაყოფილებს განათლების ხარისხის ევროპულ სტანდარტებს.