კავკასიის უნივერსიტეტის ჟან მონეს წამყვანი ცენტრის ტრენინგი თბილისში

19 ივნისი 2024

                        

 

 

14-18 ივნისს, კავკასიის უნივერსიტეტის ჟან მონეს წამყვანმა ცენტრმა ევროკავშირის კანონმდებლობის ტრანსპოზიციისთვის (EUPOLTRANS) ჩაატარა რიგით მესამე ინტენსიური, მაღალი დონის ტრენინგ კურსი, “ევროკავშირის კანონმდებლობის ტრანსპოზიცია საქართველოში “.

 

კურსში მონაწილეობა მიიღეს სხვადასხვა სპეციალობის სტუდენტებმა და დაინტერესებული სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა, რომელთა საქმიანობა ან პროფესიული ინტერესები უშუალოდ უკავშირდება ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების დანერგვას საქართველოში,  ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესს, ამ პროცესის გაშუქებასა და კვლევას.

 

კურსის მონაწილეებს  შესაძლებლობა ჰქონდათ გასცნობოდნენ ევროკავშირის ინსტიტუტებსა და პოლიტიკებს თანამედროვე რაკურსში, საქართველო-ევროკავშირის  მიმდინარე ურთიერთობებს და გამოწვევებს და იმ ისტორიულ შესაძლებლობათა აკადემიური მხარდაჭერის საჭიროებას და საშუალებებს, რაც თან ახლავს კანდიდატობას. ტრენინგ კურსის ფარგლებში, პროექტზე მომუშავე ექსპერტებმა გააშუქეს ევროკავშირის კანონმდებლობასთან საქართველოს მიმდინარე დაახლოება ისეთ სფეროებში, როგორიცაა - შრომის სამართალი, გარემოს დაცვა, მომხმარებელთა უფლებები, კონკურენციის პოლიტიკა, საჯარო ადმინისტრირება და საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკა.

 

კურსის დასკვნით ეტაპზე მონაწილეები ჩაერთნენ ინტერაქციულ ევროკავშირის საბჭოს სესიის სიმულაციაში და პრაქტიკული სავარჯიშოთი განიმტკიცეს ევროკავშირში გადაწყვეტილების მიღების მექანიზმების ცოდნა, შეაფასეს ევროკავშირის პოლიტიკურ დღის წესრიგთან დაკავშირებული საკითხები და პროცესები. მონაწილეები ასევე გაეცნენ ევროკავშირის ინსტიტუტებთან და პოლიტიკებთან დაკავშირებით ინფორმაციისა და ცოდნის შემდგომი განახლების სხვადასხვა შესაძლებლობებს.

 

კურსის დასასრულს მონაწილეებს გადაეცათ კავკასიის უნივერსიტეტისა და კავკასიის უნივერსიტეტის ჟან მონეს წამყვანი ცენტრის - EUPOLTRANS– ის სერტიფიკატები.