14 მაისს, კავკასიის უნივერსიტეტის ვიცე-პრეზიდენტმა ინტერნაციონალიზაციის მიმართულებით, ირენა მელუამ, საქართველოში კორეის რესპუბლიკის ელჩს, ბატონ ჰიონ დუ კიმს უმასპინძლა.
ვიზიტის ფარგლებში, სამუშაო შეხვედრა გაიმართა კორეის რესპუბლიკის ელჩთან საქართველოში, ჰიონ დუ კიმთან და კონსულთან, თეჩან ჯისთან. კავკასიის უნივერსიტეტის მხრიდან შეხვედრაში ვიცე-პრეზიდენტთან ერთად მონაწილეობდნენ საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის დირექტორი ქეთევან კარბაია და კავკასიის სახელმწიფო მართვის სკოლის საგანმანათლებლო პროგრამების ადმინისტრაციული დირექტორი ციცი ჩუბინიძე.
შეხვედრის ფარგლებში დელეგაცია დეტალურად გაეცნო კავკასიის უნივერსიტეტის ინტერნაციონალიზაციის პროცესს, ასევე უნივერსიტეტის მიმდინარე და დაგეგმილ საერთაშორისო, სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტებს.
მხარეებმა განიხილეს კავკასიის უნივერსიტეტსა და სამხრეთ კორეის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებისა და ახალი ერთობლივი პროექტების განხორციელების შესაძლებლობები.
