კავკასიის უნივერსიტეტის მედიის სკოლის სტუდენტები, სალომე იასაღაშვილი და სანდრო ვახტანგაძე, Erasmus+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში ლიეტუვაში, SMK გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტში იმყოფებიან.
პროგრამის ფარგლებში სტუდენტებმა ვილნიუსში 15 აპრილს კულტურული საღამო გამართეს, სადაც სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებს ქართული კულტურა და ტრადიციები გააცნეს. ღონისძიების განმავლობაში მათ სტუმრებს საქართველოს ისტორიის, ქალაქების, ქართული ანბანის, ცეკვისა და ტრადიციების შესახებ საინტერესო ინფორმაცია გააცნეს.
კულტურული საღამოს ფარგლებში სტუდენტებმა ღონისძიების მონაწილეებს ქართული ტრადიციული კერძებითა და ქართული ღვინით უმასპინძლეს, რამაც სტუმრების განსაკუთრებული ინტერესი და მოწონება დაიმსახურა.
ღონისძიების მიზანი საქართველოსა და მისი კულტურის პოპულარიზაცია იყო. მიუხედავად იმისა, რომ დამსწრე საზოგადოების უმეტესობას საქართველოს შესახებ გარკვეული ინფორმაცია უკვე ჰქონდა, სტუდენტებმა მათ შესაძლებლობა მისცეს უფრო სიღრმისეულად გაცნობოდნენ ქვეყნის მრავალფეროვნებას.
