შემოდგომის სკოლა - „კავკასია: გადასახლებისა და მიგრაციის ტერიტორია თანამედროვე ომების კონტექსტში“

7 ნოემბერი 2023

7 ნოემბერს, კავკასიის უნივერსიტეტში შემოდგომის სკოლის - „კავკასია: გადასახლებისა და მიგრაციის ტერიტორია თანამედროვე ომების კონტექსტში“ მეორე სამუშაო სემინარი გაიმართა.

 

აღნიშნული სემინარის ფარგლებში, მომხსენებლებმა განიხილეს ლტოლვილთა დაცვის სამართლებრივი მექანიზმები (Legal Mechanisms of Refugees’ Protection). შეხვედრა კითხვა-პასუხისა და დისკუსიის რეჟიმში წარიმართა, მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ დამატებით შეკითხვებზე ამომწურავი პასუხი მიეღოთ.  აღსანიშნავია, რომ პროგრამის ქართველ და უცხოელ მონაწილეებს უნივერსიტეტის ვიცე-პრეზიდენტმა, ირენა მელუამ უმასპინძლა და ინტერნაციონალიზაციის პროცესთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.

 

შემოდგომის სკოლას კავკასიის უნივერსიტეტი, ფრანგულ-ქართული უნივერსიტეტთან, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან და  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობის ფარგლებში ახორციელებს.

 

პროექტის მხარდამჭერია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, საფრანგეთის საელჩო საქართველოში და საქართველოს ფრანგული ინსტიტუტი.

 

6 ნოემბერს პროგრამის გახსნის ღონისძიება გაიმართა, სადაც აუდიტორიის წინაშე სიტყვით წარსდგა კავკასიის უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის დეკანი - დავით ნატროშვილი.

 

აღსანიშნავია, რომ პროგრამაში კავკასიის უნივერსიტეტის ჰუმანიტარული და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის, აგრეთვე სახელმწიფო მართვის სკოლის სტუდენტები ქართველ და საერთაშორისო სტუდენტებთან ერთად მონაწილეობდნენ.