კავკასიის უნივერსიტეტმა 28 ივნისიდან - 6 ივლისის ჩათვლით, ერთობლივი საზაფხულო პროგრამის ფარგლებში, იოჰანესბურგის უნივერსიტეტის, სამხრეთ აფრიკა, სტუდენტების ჯგუფს უმასპინძლა.
ვიზიტის ფარგლებში, იოჰანესბურგის სტუდენტებმა მიიღეს მონაწილეობა სხვადასხვა კულტურულ ღონისძიებებსა და აქტივობებში. პროგრამის დასაწყისში დაიგეგმა შემეცნებითი საფეხმავლო ტური თბილისის ისტორიულ უბნებში, სადაც სტუდენტებმა მიიღეს მონაწილეობა კულტურულ აქტივობებში.
სტუდენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ დასწრებოდნენ კავკასიის ტურიზმის სკოლის ლექტორის, თამარ ახალბედაშვილის პრაქტიკულ ვორქშოფს თემაზე: რესტორნების ბიზნესი და კვების სერვისის მენეჯმენტი”, რომელიც გაიმართა თბილისში, სასტუმრო “მუზეუმში”. პროგრამას შეუერთდა კავკასიის ტურიზმის სკოლის კიდევ ერთი ლექტორი, ნინო თიგიშვილი რომელმაც სტუდენტებისთვის გამართა პრაქტიკული შემეცნებითი სესია თემაზე “ეკოტურიზმი და აგროტურიზმი” სოფელ ოძისში.
სტუდენტებისთვის დაიგეგმა ასევე გასტრონომიულ-შემეცნებითი ტურები მცხეთასა და კახეთის რეგიონში სხვადასხვა ლოკაციებზე, რომლის ფარგლებშიც სტუდენტებმა მიიღეს კულტურული და გასტრონომიული გამოცდილება. მსგავსი ტიპის აქტივობები სტუდენტებს შესაძლებლობას აძლევს გაიღრმავონ ადგილობრივი ტრადიციების გააზრების უნარი - რაც ტურიზმის საფუძვლების შესწავლის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ასპექტს წარმოადგენს. პროგრამის დასასრულს, მონაწილეებს საზეიმო ვითარებაში გადაეცათ სერტიფიკატები დაგეგმილ აქტივობებში ჩართულობისთვის.
აღსანიშნავია, რომ კავკასიის უნივერსიტეტი ყოველწლიურად მასპინძლობს პარტნიორი უნივერსიტეტების სტუდენტ-მკვლევართა ჯგუფებს მოკლევადიანი საზაფხულო პროგრამების ფარგლებში, რაც ხელს უწყობს არსებული თანამშრომლობების გაღრმავებას პარტნიორ უნივერსიტეტებს შორის. კავკასიის უნივერსიტეტსა და იოჰანესბურგის უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი 2022 წელს გაფორმდა და იგი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პარტნიორია.