”ალიანს ჯგუფი ჰოლდინგმა” CSB-ის სამი სტუდენტი დააჯილდოვა

11 იანვარი

სააქციო საზოგადოება ”ალიანს ჯგუფი ჰოლდინგის” გენერალურმა დირექტორმა, აიეტ კუკავამ კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის საგანში საუკეთესო შედეგების მქონე სამი სტუდენტი დააჯილდოვა. სტუდენტებმა საჩუქრად მიიღეს ფულადი პრემიები და წიგნები კორპორაციული ბიზნესის ეთიკის თემაზე. ისინი 3–6 თვიან სტაჟირებას სააქციო საზოგადოება ”ალიანს ჯგუფი ჰოლდინგი”–ს შვილობილ კომპანიებში გაივლიან.
სააქციო საზოგადოება ”ალიანს ჯგუფი ჰოლდინგის" გენერალური დირექტორის აიეტ კუკავას განცხადებით, ”ალიანს ჯგუფი ჰოლდინგის” კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ერთ–ერთი მთავარი პრიორიტეტი ახალგაზრდებში სწორი ფასეულობების გავრცელება და ეთიკური ბიზნესის პრინციპების დანერგვაა. კავკასიის უნივერსიტეტი ბიზნეს ლიდერების მომავალ თაობას ზრდის, შესაბამისად, აუცილებელია ახალგაზრდებმა იცოდნენ, თუ რა მნიშვნელობა ენიჭება ბიზნესის ეთიკურად წარმართვას, არა მარტო მორალური თვალსაზრისით, არამედ კონკრეტული ორგანიზაციის წარმატებისა და მთლიანად ქვეყანაში ეკონომიკის განვითარების კუთხით.
”ალიანს ჯგუფი ჰოლდინგი” და კავკასიის უნივერსიტეტი აქტიურად თანამშრომლობენ იმისათვის, რომ მომავალ ლიდერებს კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მნიშვნელობის გაცნობიერებაში დაეხმარონ. კავკასიის უნივერსიტეტსა და სააქციო საზოგადოება ”ალიანს ჯგუფი ჰოლდინგს” შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის თანახმად, კავკასიის უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლაში დაინერგა კურსი ”სოციალურ კორპორაციული პასუხისმგებლობა”. ყოველწლიურად, სწორედ ამ საგანში, საუკეთესო შედეგების მქონე სტუდენტები სააქციო საზოგადოება ”ალიანსი ჯგუფი ჰოლდინგის” მიერ დასაჩუქრდებიან.