კავკასიის უნივერსიტეტი რეგიონული პრე-აქსელერატორის კონკურსის გამარჯვებულია

4 ივლისი 2024

კავკასიის უნივერსიტეტი საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) რეგიონული პრე-აქსელერატორის კონკურსის გამარჯვებულია.

 

პროგრამის ფარგლებში, კავკასიის უნივერსიტეტის ინოვაციებისა და მეწარმეობის ცენტრი USAID-ის, UNAG-ისა და GITA-თან თანამშრომლობით ახორციელებს პრე-აქსელერატორის პროექტს საქართველოს რეგიონებში, რომელიც დაფინანსებულია USAID პროგრამის „ერთიანობა მრავალფეროვნებაშია“  ფარგლებში.

 

პროექტის მთავარი მიზანი ქვემო-ქართლსა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონში მცხოვრები სტარტაპერებისა და მეწარმეების დახმარებაა საკუთარი ბიზნეს იდეების განვითარებაში, იდეიდან და პროდუქტიდან დაწყებული საგრანტო პროექტის წარდგენით დამთავრებული. აღნიშნული მიზანი მიიღწევა ინტენსიური სამეწარმეო ტრენინგებისა და მენტორებთან დისტანციური მუშაობის პროცესის საშუალებით. თითოეული რეგიონიდან  ათობით ბენეფიციარი მონაწილეობას მიიღებს აქსელერატორის პროგრამაში და ექნება შესაძლებლობა გაიაროს ინტენსიური თეორიული და პრაქტიკული ტრენინგები სტარტაპ ეკოსისტემის აქტიურ წარმომადგენლებთან ტრენერებისა და მენტორების სახით.

 

პროგრამის მეორე ფაზა მოიცავს ინტენსიურ მენტორობის სესიებს, პროგრამის დასრულების შემდეგ კი გუნდები მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) რეგიონულ საგრანტო კონკურსში.

 

პროექტი ხელს შეუწყობს ადგილობრივი მოსახლეობის სამეწარმეო უნარ-ჩვევების განვითარებას და წარმატებული სტარტაპების სახით რეალურ, ხელშესახებ შედეგებს მიიღებს.  პროგრამა ეფუძნება საერთაშორისო გამოცდილებას და პასუხობს სტარტაპ ეკოსისტემის თანამედროვე გამოწვევებს.

 

პრე-აქსელერატორი სამცხე-ჯავახეთსა და ქვემო ქართლში ხორციელდება  USAID პროგრამა ერთიანობა მრავალფეროვნებაშია ფარგლებში, რომელიც ხორციელდება საქართველოს გაეროს ასოციაციის (UNA Georgia) მიერ, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით. ღონისძიება საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) ინიციატივითა და მხარდაჭერით ხორციელდება.