პროექტ RROVE-ს ფარგლებში სასწავლო ტური ზალცბურგში გაიმართა

28 ივლისი 2025

12-16 მაისს, პროექტის ღირებულებითი განათლების პოპულარიზაცია სამხრეთ კავკასიის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში (PROVE) ფარგლებში ავსტრიის ქალაქ ზალცბურგში საერთაშორისო სასწავლო ვიზიტი გაიმართა.

 

ღონისძიებას პროექტში ჩართული პარტნიორი უნივერსიტეტებისა და ორგანიზაციების წარმომადგენლები საქართველოდან, სომხეთიდან, საბერძნეთიდან და ავსტრიიდან ესწრებოდნენ. კავკასიის უნივერსიტეტის მხრიდან ვიზიტში მონაწილობდა კავკასიის უნივერსიტეტის განათლების სკოლის დეკანი ალუდა გოგლიჩიძე.

 

სასწავლო ვიზიტის ფარგლებში გაიმართა ინტენსიური ტრენინგი ღირებულებებსა და ცოდნაზე დაფუძნებული განათლების (VaKE) მეთოდოლოგიის შესახებ. სესიები ჩატარდა CK21-ის ტრენინგ ცენტრში და მოიცავდა თეორიულ ლექციებსა და პრაქტიკულ სამუშაოებს, ასევე, მონაწილეებს ჰქონდათ სასწავლო ვიზიტი ზალცბურგის მშვიდობის ოფისში (Peace Office, Salzburg). გარდა ამისა, გაიმართა პროექტის კონსორციუმის შეხვედრა, რომლის ფარგლებშიც პარტნიორებმა განიხილეს პროექტის ორგანიზაციული საკითხები.

 

ვიზიტის საწყის ეტაპზე, მონაწილეებმა განიხილეს პროექტის მოსამზადებელ ფაზაში განხორციელებული აქტივობები და მიღწეული შედეგები. ასევე, გაკეთდა ინსტიტუციური საჭიროებების ანალიზი, რაც მნიშვნელოვანი ეტაპია პროექტის განვითარების შემდეგ ფაზაზე გადასასვლელად.

 

ვიზიტის განმავლობაში, მონაწილეებმა დეტალურად შეისწავლეს ღირებულებებზე დაფუძნებული განათლების თეორიული საფუძვლები კონსტრუქციული მიდგომის ჭრილში, ასევე გაეცნენ პრაქტიკულ მოდელებსა და სწავლების მეთოდებს, რომლებიც დილემებზე დაფუძნებულ მიდგომებს იყენებს. მონაწილეები მუშაობდნენ ეროვნულ ჯგუფებად და თავიანთი ინსტიტუციური საჭიროებების მიხედვით  საწყისი გაკვეთილის გეგმები VaKE-ის მიდგომაზე დაყრდნობით ჩამოაყალიბეს.

 

ვიზიტის დასასრულს, მონაწილეებმა მოინახულეს ზალცბურგის მშვიდობის ბიურო (Friedensbüro Salzburg) — ორგანიზაცია, რომელიც აქტიურად მუშაობს როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო დონეზე მშვიდობისა და ღირებულებებზე დაფუძნებული განათლების ხელშეწყობის მიმართულებით.

 

პროექტის PROVE მიზანია, ღირებულებებზე დაფუძნებული განათლების ინტეგრირება სხვადასხვა აკადემიურ პროგრამაში და აღნიშნულ პროცესში პარტნიორ უნივერსიტეტებს შორის თანამშრომლობის გაძლიერება.