29-30 მაისს, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა საერთაშორისო კონფერენცია - „კანდიდატი ქვეყნების ევროკავშირში ინტეგრაციის პერსპექტივები“, რომელიც ჟან მონეს კათედრის „უფრო ახლოს ევროკავშირთან“ (CEU) ფარგლებში ჩატარდა. კონფერენციაში მონაწილეობდნენ 6 ქვეყნის 18 უნივერსიტეტის პროფესორები, მკვლევრები და ექსპერტები.
კონფერენციაზე კავკასიის უნივერსიტეტისა და ჟან მონეს კათედრის „ევროპის კავშირი მშვიდობის, კეთილდღეობისა და უსაფრთხოებისათვის“ (EU-PPS) პროფესორმა გურანდა ჭელიძემ წარადგინა მოხსენება თემაზე - „საქართველოში მომხმარებელთა უფლებების დაცვა: პროგრესი და გამოწვევები ევროკავშირის გაფართოების პაკეტის ფარგლებში (2023-2025)“.
მოხსენება მომზადდა EU-PPS ფარგლებში განხორციელებული კვლევის საფუძველზე და შეეხებოდა საქართველოს მიერ ევროკავშირთან სამართლებრივი და ინსტიტუციური დაახლოების პროცესში მომხმარებელთა უფლებების დაცვის სფეროში არსებულ მიღწევებსა და გამოწვევებს.
კონფერენცია მნიშვნელოვანი პლატფორმა აღმოჩნდა კავკასიის უნივერსიტეტის ჟან მონეს კათედრის „ევროპის კავშირი მშვიდობის, კეთილდღეობისა და უსაფრთხოებისათვის“ (EU-PPS) და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟან მონეს კათედრის „უფრო ახლოს ევროკავშირთან“ (CEU) შორის თანამშრომლობის გაღრმავებისთვის. მსგავსი აკადემიური ინიციატივები ხელს უწყობს ევროკავშირის კვლევების განვითარებას, გამოცდილების გაზიარებას, საერთაშორისო პარტნიორობების გაძლიერებასა და Erasmus+ პროგრამის ფარგლებში ახალი თანამშრომლობის შესაძლებლობების შექმნას.
