Erasmus+ ეროვნული ოფისი საქართველოში - ვორქშოპი “პრაქტიკული გამოცდილების მაგალითები და ფინანსური მენეჯმენტი”

28 ივლისი 2025

25 ივლისს, Erasmus+-ის ეროვნულმა ოფისმა საქართველოში ჩაატარა ვორქშოპი თემაზე “პრაქტიკული გამოცდილების მაგალითები და ფინანსური მენეჯმენტი”.

 

შეხვედრის მიზანი იყო ქართველი ბენეფიციარების მიერ განხორციელებული Erasmus+ პროექტების წარმოჩენა და პოპულარიზაცია, პრაქტიკული გამოცდილების გაზიარების ხელშეწყობა, მომავალი აპლიკანტების მოტივაციის გაზრდა, საქართველოში Erasmus+ ინიციატივების ხარისხისა და ხილვადობის გაძლიერება.

 

ვორქშოპზე განხილული იყო წარმატებული პროექტების მაგალითები ახალგაზრდული სექტორიდან, პროფესიული განათლებიდან, ასევე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ინსტიტუციური პროექტებისა და ჟან მონეს აქტივობების განხორციელებას, ბიუჯეტის დაგეგმვის საკითხებს.

 

ვორქშოპში მონაწილეობდნენ კავკასიის უნივერსიტეტის პროექტების მართვის დეპარტამენტის დირექტორი აკაკი კაპანაძე, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის პროფესორი გურანდა ჭელიძე. მან, როგორც ჟან მონეს პროფესორმა, ჟან მონეს კათედრის “ევროპის კავშირი მშვიდობის, კეთილდღეობისა და უსაფრთხოებისათვის” (EU-PPS) პროფესორმა და კოორდინატორმა, გააზიარა პროექტის დაგეგმვისა და განხორციელების საკუთარი გამოცდილება. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო პროექტის მომზადებისა და კონკურსში წარმატების მიღწევისათვის საჭირო მნიშვნელოვან დეტალებს.  გურანდა ჭელიძის პრეზენტაცია მოიცავდა პროექტის მომზადებისა და განხორციელების სხვადასხვა ასპექტს — იდეის ფორმულირებიდან დაწყებული, პარტნიორების შერჩევითა და სტრატეგიული დაგეგმვით დამთავრებული. საუბარი შეეხო ბიუჯეტის დაგეგმვასა და პროექტის მართვის პრაქტიკულ მხარეებს, რაც უზრუნველყოფს კათედრის განხორციელების მაღალ ხარისხს.

 

აღნიშნული შეხვედრები ხელს უწყობს პროფესიულ ზრდას, ახალი იდეების გენერირებას, პროფესიულ და ფართო საზოგადოებაში ევროკავშირის პროგრამების შესახებ ცნობიერების ამაღლებას.