ERASMUS+ - ინსტიტუციური განვითარების პროექტების - RURD-ის და SQUARE-ის ერთობლივი შეხვედრა ზუგდიდში

7 ივლისი 2022

 

 

 

 

                              

16 ივნისს, ზუგდიდის შოთა მესხიას სახელობის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტმა, ERASMUS+-ის ინსტიტუციური განვითარების პროექტების - ,,უნივერსიტეტების როლი რეგიონის განვითარებაში“ (Role of Universities in the Regional Development - RURD) და „მესამე მისიის ხარისხის და შესაბამისობის გაძლიერება საქართველოს უნივერსიტეტებში (Strengthening the Quality and Relevance of the 3rd mission in Georgian Universities – SQUARE) ერთობლივ შეხვედრას უმასპინძლა. 

შეხვედრა მიზნად ისახავდა მონაწილეებს შორის საერთო შეხედულებებისა და პროექტების შედეგების გაზიარებას. შეხვედრაზე განიხილეს RURD-ისა და SQUARE-ის მიზნები, მიღწეული შედეგები და აღნიშნულ პროექტებს შორის სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობები. კავკასიის უნივერსიტეტიდან შეხვედრაში მონაწილეობდნენ საერთაშორისო ურთიერთობებისა და პროექტების დეპარტამენტის დირექტორი ირენა მელუა და დირექტორის მოადგილე ქეთევან კარბაია, და კვლევის და მონაცემთა ანალიზის სამსახურის უფროსი მაცაცო ტეფნაძე.

აღნიშნული პროექტები მიზნად ისახავენ საქართველოს უმაღლესი განათლების სისტემისა და ზოგადად, საზოგადოების განვითარებას და ამავდროულად იზიარებენ საქართველოს უნივერსიტეტების სოციალური გავლენის გაძლიერების მიზანსაც.

პროექტ RURD-ის მიზანია, ევროკავშირის პარტნიორებთან თანამშრომლობით საქართველოს რეგიონალური უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების როლის გაზრდა რეგიონების განვითარებაში, მათი მისიისა და სტრატეგიული განვითარების გეგმის მოდერნიზება, ასევე უნივერსიტეტებსა და ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოებს შორის თანამშრომლობის გაძლიერება, თითოეული რეგიონის სპეციფიკის გათვალისწინებით.

 

პროექტი SQUARE მიზნად ისახავს უნივერსიტეტების მესამე მისიის ხარისხისა და რელევანტურობის გაუმჯობესებას. პროექტის ფარგლებში ქართული უნივერსიტეტები საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობით შექმნიან მეთოდოლოგიას და გზამკვლევებს მესამე მისიის დაგეგმვის, დანერგვის, განხორციელებისა და შეფასების შესახებ და შეიმუშევებენ მესამე მისიის სტრატეგიას.