6-9 ივნისს კავკასიის უნივერსიტეტმა ევროკავშირის ERASMUS+ პროგრამით დაფინანსებული პროექტის - "მშვიდობის კვლევების სამაგისტრო მოდულის განვითარება საქართველოში" (PESTUGE) პარტნიორი უნივერსიტეტების წარმომადგენლების სამუშაო ვიზიტს უმასპინძლა.
ვიზიტის ფარგლებში, გაიმართა საორგანიზაციო კომიტეტის და პროექტის მენეჯმენტის შეხვედრები, რომლებზეც ევროპელმა და ქართველმა პარტნიორებმა განიხილეს პროექტის ფარგლებში განხორციელებული აქტივობები და სამომავლო გეგმებზე შეთანხმდნენ.
პროექტის ფარგლებში, შემუშავებული მოდულების შეფასების მიზნით, ევროპელმა პარტნიორებმა შეხვედრები გამართეს მშვიდობის კვლევების მოდულებზე დარეგისტრირებული ოთხი ქართული უნივერსიტეტის სტუდენტებთან და მოდულის პროფესორებთან. მოდულები, ზოგადად პროგრამა და სასწავლო პროცესი დადებითად შეფასდა.
ასევე, შეხვედრა გაიმართა სახელმწიფო მართვის სკოლის დეკანთან, ეკა აკობიასთან. შეხვედრის მიზანი იყო მშვიდობის კვლევების ინსტიტუტში მიმდინარე კვლევითი პროცესების და ინსტიტუტის საქმიანობაში ჩართული სტუდენტებისა და პროფესორების საქმიანობის მიმოხილვა.
აღსანიშნავია, რომ სამწლიანი პროექტი PESTUGE, 2016 წლიდან კავკასიის უნივერსიტეტში, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში და სოხუმის უნივერსიტეტში ხორციელდება. პროექტის ევროპელი პარტნიორები მშვიდობის კვლევებში წამყვანი უნივერსიტეტები არიან: ირლანდიის ტრინიტის კოლეჯი (Trinity College University), ქ. დუბლინის უნივერსიტეტი (Dublin City University) და ავსტრიის ინსბრუკის უნივერსიტეტი (The University of Innsbruck).