11-12 მაისს, კავკასიის უნივერსიტეტს, ჟან მონეს კათედრის „ევროკავშირი მშვიდობისა, კეთილდღეობისა და უსაფრთხოებისათვის“ (EU-PPS) ფარგლებში, სტუმრობდა ბუქარესტის უნივერსიტეტის პროფესორი რადუ კარპი.
ვიზიტი განხორციელდა კათედრის სასწავლო აქტივობების ფარგლებში და მიზნად ისახავდა ევროპელი ექსპერტის ჩართულობით სტუდენტებისთვის ევროკავშირის გაფართოებისა და წევრი სახელმწიფოების გამოცდილების გაზიარებას.
ვიზიტის ფარგლებში, პროფესორმა სტუდენტებისთვის წაიკითხა მოკლე სალექციო კურსი - „რუმინეთის ევროკავშირში გაწევრების გამოცდილება“ (8 საათი). ლექციებს ესწრებოდნენ ჟან მონეს კათედრის აქტივობებში ჩართული ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის ევროპისმცოდნეობისა და ისტორიის საბაკალავრო პროგრამების სტუდენტები.
სალექციო კურსის ფარგლებში, განხილული იყო ევროკავშირში ინტეგრაციისა და გაწევრების პროცესთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი პოლიტიკური, სამართლებრივი და ინსტიტუციური საკითხები, მათ შორის: ევროპული ინტეგრაციის თეორიული საფუძვლები და ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის გააზრება; ევროკავშირის მმართველობის სისტემა და მისი მნიშვნელობა კანდიდატი ქვეყნებისათვის; დემოკრატიული სტანდარტების, კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების დაცვის მოთხოვნები, როგორც ევროკავშირში გაწევრიანების აუცილებელი წინაპირობები; ევროკავშირის წევრობის გზაზე განხორციელებული რეფორმების გამოცდილება რუმინეთის მაგალითზე; ევროკავშირთან მოლაპარაკებების პროცესის პრაქტიკული ასპექტები.
ლექციებმა სტუდენტთა მაღალი ინტერესი გამოიწვია. შეხვედრების ფარგლებში გაიმართა აქტიური დისკუსია და დაისვა არაერთი კითხვა, რომელიც შეეხებოდა ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობას საქართველოსთვის ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის შემდგომი პერსპექტივის გათვალისწინებით.
პროფესორმა რადუ კარპმა აღნიშნა სტუდენტთა მაღალი მოტივაცია და ჩართულობა სალექციო პროცესში. მოკლე სალექციო კურსი მოისმინა 37 სტუდენტმა. ლექციებს ასევე ესწრებოდა ჟან მონეს კათედრის ევროკავშირი მშვიდობისა, კეთილდღეობისა და უსაფრთხოებისათვის“ (EU-PPS)“ პროფესორი გურანდა ჭელიძე.
პროფ. რადუ კარპის ვიზიტის ფარგლებში შედგა სამუშაო შეხვედრა კავკასიის უნივერსიტეტის ადმინისტრაციასთან. იმსჯელეს ჟან მონეს კათედრის მიმდინარეობისა და სამომავლო თანამშრომლობის შესახებ.
