13 მაისს, Erasmus+ CBHE პროექტის ENRICHER Hubs – „მწვანე ტურიზმის კონცეფციის შემუშავება ცოდნის გაღრმავების გზით“ ფარგლებში, დაინტერესებულ მხარეთა მეორე შეხვედრა საკონსულტაციო კომპანია „Geoeco Consulting“-თან გაიმართა. აღნიშნული ორგანიზაცია ტურისტულ ბიზნესს საკონსულტაციო და მენტორინგის მომსახურებას სთავაზობს და აქტიურადაა ჩართული ტურიზმის სფეროს კვლევის, პროდუქტის განვითარებისა და რეგიონული ტურიზმის დაგეგმვის პროცესებში. ამასთანავე, კომპანია მჭიდროდ თანამშრომლობს ტურიზმის ინდუსტრიის წარმომადგენლებთან მთელი საქართველოს მასშტაბით.
შეხვედრის მსვლელობისას, კომპანიის წარმომადგენლებმა ხაზი გაუსვეს საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და ტურიზმის ინდუსტრიას შორის თანამშრომლობის მნიშვნელობას. მათ აღნიშნეს, რომ მწვანე ტურიზმის ჰაბის (Green Tourism Hub) ბაზაზე განხორციელებული სამომავლო პროექტებისა და პრაქტიკული აქტივობებისთვის სტუდენტები შეიძლება ღირებულ რესურსად იქცნენ.
მხარეებმა, ასევე, იმსჯელეს ტურიზმის სექტორში კვალიფიციური კადრების დეფიციტზე, განსაკუთრებით ისეთ მიმართულებებში, როგორიცაა ტურიზმის კვლევა, პროდუქტის განვითარება და ბიზნესკონსალტინგი. ამ კონტექსტში აღინიშნა, რომ მწვანე ტურიზმის ჰაბს შეუძლია მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს მსგავსი სერვისების შეთავაზებით და ხელი შეუწყოს აკადემიურ სფეროსა და ინდუსტრიის საჭიროებებს შორის არსებული ხარვეზების აღმოფხვრას.
გარდა ამისა, „Geoeco Consulting”-მა გამოხატა მზაობა, გააზიაროს საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკა და უცხოური წარმატებული მაგალითები (Case Studies), რაც ხელს შეუწყობს საქართველოში ინოვაციური და მდგრადი ტურისტული ინიციატივების განვითარებას.
