GastroTour-ის ფარგლებში დაინტერესებულ მხარეებთან ონლაინ შეხვედრა გაიმართა

9 ივლისი 2026

8 ივლისს, Erasmus+ პროგრამის ფარგლებში დაფინანსებული უმაღლესი განათლების შესაძლებლობების განვითარების (CBHE) პროექტის „ღვინისა და კულინარიის ტურიზმის განვითარება განათლების, ინოვაციისა და თანამშრომლობის გზით“ (GastroTour) ფარგლებში, გაიმართა ონლაინ შეხვედრა დაინტერესებულ მხარეებთან.

 

შეხვედრაში მონაწილეობდნენ საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მოქმედი და დამწყები ღვინისა და გასტრონომიული ტურიზმის ინდუსტრიის წარმომადგენლები, აკადემიური სექტორის, დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციების (DMO) წარმომადგენლები და დარგის სხვა პროფესიონალები. შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა პროექტის ფარგლებში შექმნილი გასტრონომიული ტურიზმის პლატფორმისა და შემუშავებული საგანმანათლებლო რესურსების დაინტერესებული მხარეებისთვის წარდგენა.

 

მონაწილეებს წარედგინათ GastroTour-ის ფარგლებში შემუშავებული სასწავლო კურსები, რომლებიც მიზნად ისახავს ღვინისა და კულინარიული ტურიზმის სფეროში თანამედროვე ცოდნისა და პრაქტიკული უნარების განვითარებას. კურსები ორიენტირებულია სტუდენტების, დარგის მოქმედი სპეციალისტებისა და მეწარმეების პროფესიული კომპეტენციების გაძლიერებაზე, კონკურენტუნარიანობის ზრდაზე, ინოვაციური მიდგომებისა და მდგრადი პრაქტიკების დანერგვის ხელშეწყობაზე, ასევე განათლების, კვლევისა და ინდუსტრიის უფრო მჭიდრო თანამშრომლობის განვითარებაზე.

 

შეხვედრის ფარგლებში, ასევე, განხილული იყო Self-Assessment Tool - ბიზნესის თვითშეფასების ინსტრუმენტი, რომელიც ღვინისა და კულინარიული ტურიზმის სფეროში მოქმედ ბიზნესებს ეხმარება საკუთარი საქმიანობის მიმდინარე მდგომარეობის შეფასებაში. ინსტრუმენტი მათ საშუალებას აძლევს მიიღონ მიზნობრივი რეკომენდაციები, რომლებიც ხელს შეუწყობს მათი საქმიანობის შემდგომ განვითარებასა და ეფექტიანობის გაუმჯობესებას.

 

შეხვედრა დისკუსიისა და კითხვა-პასუხის სესიით დასრულდა, სადაც მონაწილეებმა პროექტის შედეგების პრაქტიკული გამოყენების, დარგის საჭიროებებისა და სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობების შესახებ მოსაზრებები და რეკომენდაციები გაცვალეს.