4-5 მარტს , ERASMUS+ ინსტიტუციური განვითარების (CBHE) პროექტის „რეგიონული უნივერსიტეტების როლი რეგიონის განვითარებაში” (RURD) ფარგლებში, გაიმართა ტრენინგი. მასში მონაწილეობას იღებდნენ კავკასიის უნივერსიტეტის პროექტის გუნდის წევრები და ბათუმის კამპუსის თანამშრომლები.
შეხვედრა წარიმართა ლიეტუვას, ვიტაუტას მაგნუს უნივერსიტეტის ხელმძღვანელობით და დაეთმო რეგიონალური უნივერსიტეტების სტრატეგიული განვითარების შესახებ თეორიული მიდგომებისა და პრაქტიკული გამოცდილების გაზიარებას. პრეზენტატორებმა კონკრეტული მაგალითების მეშვეობით განიხილეს ისეთი საკითხები, როგორებიცაა: რეგიონალური უნივერსიტეტის ხედვის, მისიის, ღირებულებების ფორმულირება, საგანმანათლებლო დაწესებულების გამოწვევებისა და უპირატესობების იდენტიფიცირება, სტრატეგიული განვითარების გეგმის განსაზღვრა.
პროექტის მიზანია, ევროკავშირის პარტნიორებთან თანამშრომლობით საქართველოს რეგიონალური უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების როლის გაზრდა რეგიონების განვითარებაში, მათი მისიისა და სტრატეგიული განვითარების გეგმის მოდერნიზება, ასევე უნივერსიტეტებსა და ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოებს შორის თანამშრომლობის გაძლიერება, თითოეული რეგიონის სპეციფიკის გათვალისწინებით.