24 მარტს, Erasmus+-ის უმაღლესი განათლების შესაძლებლობების განვითარების (CBHE) პროექტის, "მწვანე ტურიზმის კონცეფციის შემუშავება შესწავლის საშუალებით" - ENRICHER HUBS ფარგლებში, კავკასიის უნივერსიტეტის ტურიზმის სკოლისა და მწვანე ტურიზმის ჰაბის ორგანიზებით, გაიმართა სამდღიანი ინტენსიური ვორკშოპი „მდგრადი ტურიზმი და მომსახურების დიზაინი“, რომელშიც ტურიზმისა და ბიზნესის სკოლის სტუდენტები მონაწილეობდნენ.
ვორკშოპი ინტერაქტიულ ფორმატში წარიმართა და მოიცავდა გუნდურ მუშაობას, პრაქტიკულ სავარჯიშოებს, დისკუსიებსა და მონაწილეთა პრეზენტაციებს. პროგრამის ფარგლებში სტუდენტებმა შეისწავლეს მდგრადი ტურიზმის თანამედროვე მიდგომები, მომსახურების დიზაინის ინსტრუმენტები და მომხმარებელზე ორიენტირებული ტურისტული პროდუქტებისა და მომსახურებების შექმნის მეთოდები.
სამუშაო შეხვედრის მთავარი მიზანი იყო სტუდენტების პრაქტიკული და ანალიტიკური უნარების განვითარება, რათა მათ შეძლონ ტურიზმის სექტორში არსებული რეალური გამოწვევების იდენტიფიცირება, ინოვაციური გადაწყვეტილებების შემუშავება და მდგრადი განვითარების პრინციპებზე დაფუძნებული ტურისტული პროდუქტების დიზაინი.
ვორკშოპის განმავლობაში მონაწილეებმა იმუშავეს სხვადასხვა ქეისზე და გუნდური თანამშრომლობის საფუძველზე შეიმუშავეს იდეები, რომლებიც პასუხობს თანამედროვე ტურიზმის ინდუსტრიის მოთხოვნებს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო მომხმარებლის გამოცდილების გაუმჯობესებას, მდგრადობის პრინციპების ინტეგრირებასა და ტურისტული მომსახურებების ინოვაციურ განვითარებას.
აღნიშნული ინიციატივა ENRICHER-HUBS პროექტის ფარგლებში ხორციელდება და მიზნად ისახავს უნივერსიტეტსა და პრაქტიკულ სექტორს შორის თანამშრომლობის გაძლიერებას, სტუდენტების სამეწარმეო და ინოვაციური კომპეტენციების განვითარებასა და მდგრადი განვითარების პრინციპების პოპულარიზაციას ტურიზმის სფეროში.
