პროექტის კონსორციუმის საწყისი შეხვედრა

18 თებერვალი 2021
 

 

 

 

5 თებერვალს, ერაზმუს პლიუსის ინსტიტუციური განვითარების პროექტის “E-PSY” (ფსიქოლოგიური კონსულტაციის ცენტრების გახსნა სტუდენტებისათვის) ე.წ. “Kick off” შეხვედრა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობას იღებდა კავკასიის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობებისა და პროექტების დეპარტამენტის დირექტორი, ირენა მელუა.

 

შეხვედრას ასევე ესწრებოდა ერაზმუს პლიუსის საქართველოს ეროვნული ოფისის კოორდინატორი, ლიკა ღლონტი, კონსორციუმის წევრი ქართული უნივერსიტეტებისა და ორგანიზაციების წარმომადგენლები, ხოლო ევროპიდან ბიგდოსის ეკონომიკისა (პოლონეთი) და ბრასოვის ტრანსილვანიის (რუმინეთი) უნივერსიტეტების და ორგანიზაცია STEPS srl (იტალია) წარმომადგენლები.

 

აღნიშნულ შეხვედრაზე განხილული იყო პროექტის შინაარსობრივი და ფინანსური საკითხები, ასევე, ევროკომისიის მიერ დადგენილი გაიდლაინები 2021 წელს შერჩეული პროექტების განხორციელებისათვის. პარტნიორებმა  დეტალურად განიხილეს სამუშაო პაკეტები და განსაზღვრეს სამომავლო აქტივობები.

 

პროექტი EPSY მიზნად ისახავს საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სტუდენტთა ფსიქოლოგიური კონსულტაციის ცენტრის ჩამოყალიბებასა და გადაწყვეტილების მიმღები ინსტიტუტების (საქართველოს ხელისუფლების, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს)  სამართლებრივი დოკუმენტების განვითარებას, რათა მოხდეს ცნობიერების ამაღლება მენტალური ჯანმრთელობის შესახებ და ყურადღება გამახვილდეს ქართულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სტუდენტთა ფსიქოლოგიური კონსულტაციის მნიშვნელობაზე.