კავკასიის უნივერსიტეტის კიბერუსაფრთხოების ცენტრის ხელმძღვანელის და პროფესორის მაქსიმ იავიჩის პროექტი - „ქალთა გაძლიერება კიბერუსაფრთხოებაში ევროკავშირის გამოცდილების საშუალებით“ - რომელიც ხორციელდება ჟან მონეს მოდულის ფარგლებში, ევროკავშირის მიერ დაფინანსდა.
პროექტის მთავარი მიზანია კიბერუსაფრთხოებისა და მონაცემთა დაცვის სფეროებში ქალთა IT განათლების ხარისხის ამაღლება ევროკავშირის საუკეთესო პრაქტიკის გამოყენებით, აკადემიასა და საზოგადოებას შორის კომუნიკაციის წახალისება. გარდა ამისა, პროექტი მიზნად ისახავს ქალთა მიერ ფართო სოციალურ კონტექსტში მონაცემთა დაცვის გააზრებას.
საქართველოში ქალებისთვის IT განათლების ხელშეწყობა პოზიტიური ნაბიჯია უფრო მრავალფეროვანი და ინკლუზიური ტექნოლოგიური ინდუსტრიისკენ. WISEC აკადემიის მეშვეობით ევროპული პრაქტიკის კვლევა და სხვადასხვა სამიზნე ჯგუფების მომზადება ხელს შეუწყობს შედეგების მიღწევას სხვადასხვა დონეზე და უზრუნველყოფს ამ პრობლემის საერთო გადაწყვეტას საქართველოში. კიბერუსაფრთხოებისა და მონაცემთა დაცვის შესასწავლად ქალების საგანმანათლებლო პროგრამის შექმნა გადამწყვეტია საქართველოში არსებული მდგომარეობის გასაუმჯობესებლად.
3 წლიანი პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია შემდეგი აქტივობები:
▪ ევროკავშირის საუკეთესო გამოცდილების მიმოხილვა კიბერ უსაფრთხოებისა და მონაცემთა დაცვის სწავლისა და სწავლების სფეროში;
▪ ქალთა კიბერუსაფრთხოების სპეციალიზებული აკადემიის განვითარება – WISEC აკადემია.
▪ კიბერუსაფრთხოების ონლაინ ტრენინგების შემუშავება რეგიონებიდან ქალებისთვის, განსაკუთრებით კიბერუსაფრთხოებისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის საკითხებზე ევროკავშირის სტანდარტების შესაბამისად;
▪ ქალთა განათლების დონის ამაღლება კიბერუსაფრთხოებასა და მონაცემთა დაცვაში საქართველოში და მაღალკვალიფიციური ქალების მომზადება IT სფეროში.