ინოვაციების და მეწარმეობის ცენტრის ბენეფიციარი სტარტაპი „Tlancer“ ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) 150 000 ლარიანი თანადაფინანსების საგრანტო კონკურსის გამარჯვებულია.
სტარტაპის დამფუძნებლები კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტები საბა ასლამაზიშვილი, ნიკა მეტრეველი და ნიკა სუარიშვილი არიან.
თილანსერი არის მასწავლებლებისა და მოსწავლეების დამაკავშირებელი ციფრული პლატფორმა, რომლის მიზანია მოსწავლეებისა და კერძო მასწავლებლების ერთმანეთთან მათზე მორგებული ტექნიკური ინსტრუმენტების საშუალებით დაკავშირება.
პროექტი მიზნად ისახავს, შექმნას ულიმიტო საგანმანათლებლო სივრცე მოტივირებული ადამიანებისთვის გლობალური მასშტაბით, სადაც მათ საშუალება ექნებათ, შეისწავლონ მათთვის საინტერესო კურსები, სახლიდან გაუსვლელად.
ამასთან, Tlancer-ი პრე-აქსელერაციის პროგრამა “CUnicorn”-ის მონაწილეა. პროგრამა მოიცავს 11 სამუშაო კვირას და შედგება 5 ძირითადი კომპონენტისგან: თემატური სამუშაო სესიები; ინდივიდუალური შეხვედრები მენტორებთან; ნეთვორქინგი – P2P შეხვედრები, გამოცდილების გაზიარება, მოწვეული სპიკერები, ყოველკვირეული Stand-Up-ები; კავკასიის უნივერსიტეტის საერთო სამუშაო სივრცით სარგებლობა; დემო დღე – მონაწილე სტარტაპები წარდგებიან ჟიურის წინაშე, სადაც საშუალება ექნებათ მოიპოვონ ფულადი პრიზები/და სხვა რესურსები გაზრდის და განვითარების მიზნით.
პროგრამის მონაწილე სტარტაპები გაიღრმავებენ ცოდნას რამდენიმე მიმართულებით: პროდუქტის განვითარება და ვალიდაცია; გუნდის შექმნა, განვითარება და მართვა; მომხმარებლის სეგმენტაცია; ღირებულების შეთავაზება; მარკეტინგი, ბრენდინგი, რეკლამა და გაყიდვები; Growth Marketing; MVP, ტექნიკური პროდუქტის შექმნა; ბიზნესმოდელი და ფინანსები; Pitch Deck და ფინანსური რესურსების მოზიდვა.