კავკასიის უნივერსიტეტის კამპუსში გრძელდება ჰარვარდის უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების ცენტრის ინტენსიური პროგრამა - „ლიდერობა: ორგანიზაციული ცვლილებებისა და წარმატების მართვა“.
პროგრამის ინტენსიური ფაზის დაწყებამდე, კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტი, პროფესორი კახა შენგელია, პროფესორ ლორი პასკალს შეხვდა. შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა განიხილეს არსებული და პოტენციური თანამშრომლობის შესაძლებლობები, რაც საფუძველს უქმნის სამომავლო ერთობლივ ინიციატივებს.
აღსანიშნავია, რომ პროგრამის მეორე დღის ფარგლებში გაიმართა პანელური დისკუსია თემაზე: „დღევანდელი საბანკო სექტორი - მთავარი ფაქტორები ლიდერებისთვის“. დისკუსიაში მონაწილეობა მიიღეს:
- ლესლი ლემი - აზიის განვითარების ბანკის სამხრეთ კავკასიის რეგიონული მენეჯერი;
- ზეინაბ ლომაშვილი - პროკრედიტ ბანკის დირექტორი;
- არჩილ ბაკურაძე - კრისტალ მიკროსაფინანსო ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე;
- კაორი იშიკავა - გაეროს ქალთა ორგანიზაციის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი და სამხრეთ კავკასიის წარმომადგენელი;
- მაჩეი ჩურა - ევროპის საინვესტიციო ბანკის სამხრეთ კავკასიის რეგიონული წარმომადგენლობის ხელმძღვანელი.
პანელის მოდერატორი იყო პროგრამის ხელმძღვანელი, ჰარვარდის უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების ცენტრის პროფესორი ლორი პასკალი. დისკუსიაში აქტიურად მონაწილეობდნენ კურსის მონაწილეებიც, რომლებიც ერთმანეთს პროფესიულ გამოცდილებას უზიარებდნენ.
აღსანიშნავია, რომ პროგრამაში ჩართული არიან ფინანსურ სექტორში დასაქმებული 30-ზე მეტი ქალი პროფესიონალი კავკასიის რეგიონიდან.
პროექტი ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women Georgia) მხარდაჭერით და დანიის მთავრობისა და ნორვეგიის განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს (NORAD) ფინანსური მხარდაჭერით.