ევროპულ რეფერირებად ჟურნალში „Archives Balkan Medical Union“ გამოქვეყნდა სტატია „Assistance of the United States of America in the development of the health care system of Georgia“.
ნაშრომების ავტორები არიან: ავთანდილ ჯორბენაძე (საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი 1993-2001 წწ., სახელმწიფო მინისტრი 2001-2003 წწ., აკად. გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე 2011 წლიდან დღემდე) და თენგიზ ვერულავა (კავკასიის უნივერსიტეტის პროფესორი, ჯანდაცვის პოლიტიკის ინსტიტუტის დირექტორი).
ჟურნალი Archives Balkan Medical Union ინდექსირებულია SCOPUS-ის (Elsevier) საერთაშორისო სამეცნიერო ბაზაში.
ნაშრომში განხილულია ამერიკელი ხალხისა და მთავრობის წვლილი საქართველოს სახელმწიფოებრიობის მშენებლობის საქმეში, მის დემოკრატიულ, ეკონომიკურ და სოციალურ განვითარებაში. ფასდაუდებელია აშშ-ის დამსახურება დამოუკიდებლობის მოპოვების პირველი წლებიდან საქართველოს ჯანდაცვის სისტემის კრიზისიდან გამოყვანაში, მის შემდგომ რეფორმირებასა და განვითარებაში. ამ უაღრესად რთულ პერიოდში აშშ-ის დახმარებით უამრავი ადამიანი გადაურჩა შიმშილს, ავადმყოფობას, სიკვდილს და გაიუმჯობესა ჯანმრთელობის მდგომარეობა. საქართველოსთვის ამერიკული დახმარება შეიძლება სამ ეტაპად დავყოთ: ჰუმანიტარული დახმარება (მედიკამენტები და სამედიცინო სახარჯი მასალა), ტექნიკური დახმარება (ქვეყანაში მედიცინის ახალი მიმართულებების შემოტანა, სამედიცინო პერსონალის და საზოგადოების განათლების ამაღლება, ჯანდაცვის სისტემის განვითარების ხელშეწყობა (აშშ-ის სხვადასხვა ორგანიზაციებთან, ფონდებთან, სამეცნიერო კვლევით დაწესებულებებთან ერთობლივი პროექტები, პროგრამები და კვლევები). ეს ფაქტი ადასტურებს ამერიკის შეერთებული შტატების მტკიცე მხარდაჭერას დაეხმაროს ქართველ ხალხს დემოკრატიული საზოგადოების შენებაში, უსაფრთხოების უზრუნველყოფაში, ქვეყნის კეთილდღეობის და ეკონომიკური წინსვლის მიღწევაში.
სტატიის სრული ვერსია იხილეთ ბმულზე.
Tengiz Verulava, Avtandil Jorbenadze. (2024). Assistance of the United States of America in the development of the health care system of Georgia. Archives of the Balkan Medical Union 59(1): 94-104.