კავკასიის უნივერსიტეტის სახელმწიფო მართვის სკოლამ დუბლინის, ტრინიტისა და ინსბრუკის უნივერსიტეტების პროფესორებსა და სასწავლო პროგრამების ადმინისტრაციის წარმომადგენლებს უმასპინძლა

25 აპრილი 2017

2017 წლის 25-28 აპრილის პერიოდში შედგა ევროკავშირის ERASMUS+ პროგრამით დაფინანსებული პროექტის - მშვიდობის კვლევების სამაგისტრო მოდულის განვითარება საქართველოში (PESTUGE)  პარტნიორი უნივერსიტეტის წარმომადგენლების სამუშაო ვიზიტი საქართველოში.

 

პროგრამის მიზანი საქართველოში მშვიდობის კვლევების დისციპლინის დანერგვა და ამ სფეროში კვლევითი გარემოს გაუმჯობესებაა. სამ წლიანი პროექტი მიზნად ისახავს საქართველოს ოთხი უმაღლესი განათლების დაწესებულებაში მშვიდობის კვლევების სწავლების დანერგვას, მშვიდობის კვლევების ინსტიტუტის დაარსებას და პროექტში მონაწილე პროფესორების კვლევითი პროცესის ხელშეწყობას. პროექტი ასევე ითვალისწინების საქართველოს ორ რეგიონულ ცენტრში ზუგდიდსა და გორში ტრენინგების ჩატარებას, მშვიდობისა და კონფლიქტების ტრანსფორმაციის საკითხებზე ეროვნული აკადემიური ქსელის განვითარებას, მონაწილე უნივერსიტეტების ტექნიკურ აღჭურვასა და სასწავლო მასალებითა და აკადემიური ბაზებით უზრუნველყოფას.  

 

აღსაშნავია, რომ პროექტის ფარგლებში საქართველოს ოთხი უმაღლესი სასწავლებლის შესაბამისი პროგრამები თანამშრომლობენ მშვიდობის კვლევებში მსოფლიოში წამყვან  უნივერსიტეტებთან: ირლანდიის ტრინიტის კოლეჯი (Trinity College University), ქალაქ დუბლინის უნივერსიტეტი (Dublin City University) და ავსტრიის ინსბრუკის უნივერსიტეტი (The University of Innsbruck).

 

აღნიშნული ვიზიტის ფარგლებში, 25 აპრილს პარტნიორი უნივერსიტეტის პროფესორები და ადმინისტრაციის წარმომადგენლები შეხვდნენ კავკასიის უნივერსიტეტის მშვიდობის კლვევების მოდულის საგნებზე დარეგისტრირებულ სტუდენტებს. შეხვედრის ფარგლებში მიმოიხილეს მიმდინარე სასწავლო პროცესი და მოდულის კავკასიის უნივერსიტეტში დანერგვასთან დაკავშირებული საკითხები.

 

ამავე ვიზიტის ფარგლებში შეხვედრა გაიმართა მოდულის ლექტორებთან. შეხვედრაზე გაიცვალა კავკასიის უნივერსიტეტში მიმდინარე სემესტრში ახალი საგნების 1. საერთაშორისო კონფლიქტები და მშვიდობა (ლექტორი თორნიკე თურმანიძე); 2. მშვიდობის თეორიები (ლექტორი ლევან გერაძე) და 3. შესავალი მშვიდობის კვლევებში  (ლექტორი სერგი კაპანაძე) სწავლების მიმდინარე პროცესი და სამომავლო გეგმები. ასევე, ერთი განახლებული საგნის - საქართველოს ისტორია სწავლება (ლექტორები კახა შენგელია, მაკა ციბაძე)  და მომავალში ახალი საგნის - კონფლიქტი მშვიდობა და თანაარსებობა კავკასიაში (ლექტორი, კახა შენგელია) სწავლების დანერგვა.

 

კავკასიის სახელმწიფო მართვის სკოლის დეკანის, ეკა აკობიას განცხადებით 25-28 აპრილის პერიოდში განხორციელებული ევროპელი პარტნიორების ვიზიტი მიზნად ისახავდა პროექტის ფარგლებში დანერგილი ახალი კურსების სწავლის პროცესის მონიტორინგს და პროექტის ფარგლებში შემდგომი ღონისძიებების ერთობლივ დაგეგმვას. პარტნიორებმა უმაღლესი შეფასება მისცეს კავკასიის უნივერსიტეტში პროექტის განხორციელების პროცესს.

 

27 აპრილს მშვიდობის კვლევების ინსტიტუტში პროექტის მონაწილე პროფესორ-მასწავლებლებისთვის ჩატარდა ვორქშოფი შემდეგ თემებზე: საერთაშორისო მშვიდობის კვლევების აკადემიური ქსელები და მშვიდობის კვლევების მეთოდოლოგიები.

 

კავკასიის უნივერსიტეტის რექტორის, კახა შენგელიას განცხადებით მთლიანობაში, პროექტი მიზნად ისახავს საქართველოში უმაღლესი განათლების სფეროს გაუმჯობესებასა და  კვლევითი გარემოს ხელშეწყობას. ასევე, მშვიდობის, კონფლიქტების ტრანსფორმაციისა და ახალი მიდგომების შესახებ პროფესორ მასწავლებლებში და სუტდენტებში ცნობიერების ამაღლებასა და შედეგად სამშვიდობო პროცესების ხელშეწყობას.