კავკასიის უნივერსიტეტის სახელმწიფო მართვის სკოლის საერთაშორისო ურთიერთობების პროგრამის დოქტორანტების ვიზიტი რედბაუდის უნივერსიტეტში

26 ივლისი 2022

კავკასიის სახელმწიფო მართვის სკოლის სადოქტორო საფეხურის სტუდენტები, ბესიკ ჯაჯანიძე, ლაშა კაკაშვილი და მარიამ ტარასაშვილი, Erasmus+ ის პროგრამით დაფინანსებული მობილობის ფარგლებში, რედბაუდის უნივერსიტეტს, ნიდერლანდები, (Radboud University, The Netherlands) ეწვივნენ.

 

მობილობის მიზანს რედბაუდის უნივერსიტეტის 2022 წლის საზაფხულო სკოლის პროგრამაში მონაწილეობა წარმოადგენდა. დოქტორანტებს შესაძლებლობა ჰქონდათ, სოციალური კვლევის მეთოდების თემატიკის (Social Research Methods) ფარგლებში დასწრებოდნენ ერთ კვირიან ინტენსიურ ლექციათა ციკლს შემდეგ სასწავლო კურსებზე: პროგრესიული გამოყენებითი თვისებრივი შედარებითი ანალიზი (Advanced Applied Qualitative Comparative Analysis); პროგრესიული თვისებრივი შედარებითი ანალიზი (Advanced Qualitative Data Analysis); ინტერპრეტაციული კვლევის მეთოდები (Interpretive Research Methods).

 

რედბაუდის უნივერსიტეტის საზაფხულო სკოლა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი აკადემიური პროგრამაა,  რომელიც ივნისიდან-აგვისტოს ჩათვლით ტარდება და მსოფლიოს სხვა და სხვა ქვეყნის პროფესორების, მკლევარებისა და დოქტორანტების ერთ საგანმანათლებლო სივრცეში თავმოყრას ემსახურება. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში მონაწილეებს შესაძლებლობა აქვთ განავითარონ კვლევითი უნარები და გაიფართოვონ როგორც შემეცნებითი, ასევე საერთაშორისო კონტაქტები. აღსანიშნავია, რომ საზაფხულო სკოლის კურსის მოდულებს ხელმძღვანელობენ გამოცდილი და დარგის სპეციალისტი პროფესორები, როგორც მასპინძელი, ასევე  წამყვანი საერთაშორისო უნივერსიტეტებიდან. პროგრამა სტუდენტებს შესაძლებლობას აძლევს ცოდნა გაიღრმავონ როგორც თეორიული, ასევე პრაქტიკული საქმიანობის საშუალებით (რეალურ მონაცემებზე დაფუძნებული ჯგუფური დავალებები, კვლევითი პროექტები).

 

რედბაუდის უნივერსიტეტი, ერაზმუს+  კრედიტ მობილობის ფაარგლებში, კავკასიის უნივერსიტეტის უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული პარტნიორია ნიდერლანდებში.