პროფესორ ვოლტ კილროის საჯარო ლექცია

28 აპრილი 2017

2017 წლის 28 აპრილს, მშვიდობის კვლევების ინსტიტუტის ორგანიზებით კავკასიის უნივერსიტეტში გაიმართა ქალაქ დუბლინის უნივერსიტეტის პროფესორის (Dublin City University), დოქტორი ვოლტ კილროის საჯარო ლექცია თემაზე: „შეუძლებელი ამოცანა? სამოქალაქო პირების დაცვა გაეროს სამშვიდობოების მიერ.“

 

საჯარო ლექციას ესწრებოდნენ კავკასიის უნივერსიტეტის, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ილიას უნივერსიტეტისა და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის მშვიდობის კვლევების მოდულის სტუდენტები. აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ უნივერსიტეტებში საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებაზე, 2017 წლის აკადემიური კურიკულუმის დარგლებში დაინერგა მშვიდობის კვლევების თემასთან დაკავშირებული ოთხი ახალი საგნის სწავლება. აღნიშნული სიახლე ხორციელდება ერასმუს + პროექტის „მშვიდობის კვლევების სამაგისტრო მოდულის განვითარება საქართველოში“ ფარგლებში.

 

ლექციაზე მოწვეულმა სტუმარმა ისაუბრა გაეროს სამშვიდობო ოპერაციების ისტორიული ევოლუციის შესახებ. მიმოიხილა სამშვიდობო ოპერაციების მანდატის გაფართოება და მათ შორის ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ 2000 წლებიდან მოყოლებული თითქმის ყველა სამშვიდობო ოპერაციის მანდატის ნაწილია სამოქალაქო პირების გარდაუვალი ფიზიკური განადგურების საფრთხისგან დაცვის უზრუნველყოფა. თუმცა, სხვადასხვა შეზღუდვების გამო ამ ამოცანის აღსრულების პრაქტიკა ურთულესი ამოცანაა და რეალური შედეგები შერეულია.

 

პროფ. კილროიმ აღნიშნული თემის გაშუქებისას სტუდენტებს გაუზიარა სამხრეთ სუდანში 2017 წელს კვლევითი ვიზიტის შედეგები და ისაუბრა სამხრეთ სუდანში არსებული სამოქალაქო პირების დაცვის ზონების ისტორიასა და პრობლემებზე. მოწვეულმა სტუმარმა აღნიშნა, რომ გაეროს სამშვიდობო ოპერაციების ფარგლებში სამოქალო პირების დაცვის (Protection of Civilians - PoC)  პრაქტიკა მნიშვნელოვანი განვითარებაა, მაგრამ წარმოადგენს პრობლემის დროებითი გადაჭრის გზას. მისი თქმით, პრობლემის გრძელვადიანი მოგვარებისთვის საერთაშორისო საზოგადოებამ უნდა გაითავისოს კონფლიქტის დროს სამოქალაქო პირების მდგომაროების სიმძიმე და შეიმუშავოს მანდატის ფორმა, რომელიც არ იქნება ზედმეტად შეზღუდული.

 

საჯარო ლექციის შემდგომ გაიმართა კითხვა პასუხი. ღონისძიების ფარგლებში, საქართველოს ოთხი უნივერსიტეტის წარმომადგენელ სტუდენტებს ჰქონდათ ერთმანეთის გაცნობის და კავშირების განვითარების შესძლებლობა.