25-26 ოქტომბერს კავკასიის უნივერსიტეტს ეწვივნენ რედბაუდის უნივერსიტეტის ასისტენტ პროფესორი, მატის ვან ლეუვენი, ლექტორი მარგრიეტ გუსსი და ადმინისტრაციის თანამშრომლები - მაარტენ კრასი, განათლებისა და კვლევის ოფიცერი და მაია კიკნაძე, სტუდენტთა მიღების ოფისის ხელმძღვანელი.
ვიზიტის მიზანი, სახელმწიფო მართვის სკოლასა და რედბაუდის უნივერსიტეტის საერთაშორისო კონფლიქტების ანალიზისა და მენეჯმენტის ცენტრს შორის გამოცდილების გაზიარება და თანამშრომლობის სამომავლო გეგმების დასახვა იყო. ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გაიმართა სახელმწიფო მართვის სკოლის დეკანთან, ეკა აკობიასთან და სკოლის პროფესორებთან, სერგი კაპანაძესთან და თორნიკე თურმანიძესთან. ასევე, სტრატეგიული განვითარებისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის წარმომადგენლებთან.
შეხვედრებზე განიხილეს ისეთი საკითხები, როგორებიცაა სტუდენტების და აკადემიური პერსონალის მობილობა, უნივერსიტეტებში არსებული მშვიდობისა და კონფლიქტების სასწავლო მოდულები, ერთობლივი კვლევითი პროექტების შემუშავების პერსპექტივები, სახელმწიფო მართვის სკოლის მშვიდობის კვლევების ინსტიტუტსა და ნაიმეხენის საერთაშორისო კონფლიქტების ანალიზისა და მენეჯმენტის ცენტრს შორის სამომავლო თანამშრომლობის მიმართულებები და ფორმები.
კავკასიის უნივერსიტეტი უკვე ორი წელია, ერაზმუს+ პროექტის ფარგლებში, რედბაუდის უნივერსიტეტთან თანამშრომლობს, რომლის ფარგლებში მობილობით უკვე ისარგებლა კავკასიის უნივერსიტეტის ოთხმა სტუდნეტმა და ადმინისტრაციული პერსონალის ოთხმა წარმომადგენელმა, ხოლო რედბაუდის უნივერსიტეტიდან ოთხმა სტუდენტმა და ოთხმა აკადემიური პერსონალის წარმომადგენელმა.