დისტანციური შეხვედრა ბრიტანელ პოლიტიკოს კლერ მუდისთან

18 მაისი 2020
კავკასიის სახელმწიფო მართვის სკოლის ლექტორის, ჟან მონეს პროფესორის, სერგი კაპანაძის მოწვევით, სასწავლო კურსების "ევროკავშირის ინსტიტუტები და პოლიტიკა" და „აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპის ევროპეიზაცია“ ფარგლებში, ვუმასპინძლეთ ყოფილ ევროპარლამენტარს, გაერთიანებული სამეფოდან, კლერ მუდის.
 
ლექცია მხარდაჭერილი იყო ევროპარლამენტის ყოფილი წევრების ასოციაციის მიერ. კლერ მუდი არის ბრიტანელი პოლიტიკოსი, რომელიც 2014-2019 წლებში იყო ევროპარლამენტის წევრი, სადაც წარმოადგენდა სამხრეთ-დასავლეთ ინგლისის ამომრჩეველს ლეიბორისტული პარტიიდან.
 
აღსანიშნავია, რომ კლერ მუდი აქტიურად იყო ჩართული საქართველოსთან დაკავშირებულ თემებში: ის იყო საქართველო-ევროპარლამენტის მეგობრობის ჯგუფის თანახელმძღვანელი, ასევე ევრონესტის საპარალმენტო ასამბლეის თანათავმჯდომარე და ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის წევრი.
 
სტუმარი სტუდენტებს ესაუბრა ევროპარლამენტის როლის, კანონმდებლობის მიღების პროცესის, ევროკავშირის ინსტიტუტებთან ევროპარლამენტის ურთიერთობის, ასევე ევროპარლამენტის შიგნით პარტიულ ოჯახებს შორის ინტერაქციის შესახებ.
 
ლექციაზე კლერ მუდიმ ასევე ისაუბრა ბრექზიტის, ბრიტანეთის დეევროპეიზაციის და ამ პროცესთან დაკავშირებული გამოწვევების, მათ შორის მომდევნო წლებში ევროკავშირისა და დიდი ბრიტანეთის საგარეო პოლიტიკური როლის შესახებ.
 
შეხვედრის ბოლოს, სპიკერმა უპასუხა სტუდენტების შეკითხვებს დიდ ბრიტანეთში ბრეგზიტის შემდგომ აგრარულ, საიმიგრაციო, შრომის კანონმდებლობასთან და სხვა სფეროებში მოსალოდნელ ცვლილებებთან, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებთან დაკავშირებული საკითხების შესახებ.