32-ე NISPAcee-ის ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია - „საჯარო ადმინისტრირება პოსტ-კონფლიქტურ რეკონსტრუქციაში“ დასრულდა

27 მაისი 2024

კავკასიის უნივერსიტეტში NISPAcee-ის 2024 წლის 32-ე ყოველწლიური საერთაშორისო პროფესიული კონფერენცია - „საჯარო ადმინისტრირება პოსტ-კონფლიქტურ რეკონსტრუქციაში“ - დასრულდა.

 

NISPAcee არის საჯარო მართვისა და ადმინისტრირების სფეროს პროფესიონალთა ქსელი  და განათლების, ტრენინგების და კვლევების მეშვეობით აქტიურად უწყობს ხელს დემოკრატიული და ეფექტური მმართველობის ხელშეწყობას ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში.

 

აღსანიშნავია, რომ ქსელის (NISPAcee) ამჟამინდელი პრეზიდენტი კავკასიის უნივერსიტეტის სახელმწიფო მართვის სკოლის დეკანი, ეკა აკობიაა.

 

ღონისძიების ფარგლებში საქართველოს ეწვია 200-მდე რექტორი, დეკანი, პროფესორი, მკვლევარი, დოქტორანტი და პრაქტიკოსი NISPAcee-ის რეგიონიდან. კონფერენცია თავის მხრივ ქმნიდა უნიკალურ შესაძლებლობას ქართველი მეცნიერების მეტად ინტეგრირებისთვის საჯარო მმართველობისა და ადმინისტრირების ევროპულ პროფესიულ საზოგადოებაში.

 

კონფერენცია მეტად მნიშვნელოვანი და აქტუალური იყო საქართველოსთვის თემატიკის გათვალისწინებით, ვინაიდან საჯარო მმართველობის რეფორმა საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმების მნიშვნელოვანი ნაწილია და გაწევრიანების მოლაპარაკების პროცესში წარმოადგენს ე. წ.  ფუნდამენტურ საკითხს.

 

2024 წლის NISPAcee-ის ყოველწლიური კონფერენციის მთავარი თემა ეხებოდა აქტუალურ საკითხს: პოსტ-კონფლიქტურ რეკონსტრუქციას. კონფერენციამ გადახედა და შეაჯერა ცვალებადი პერსპექტივები პოსტკონფლიქტურ რეკონსტრუქციაში საჯარო მმართველობისა და ადმინისტრირების როლის შესახებ.

 

მთავარი თემის გარდა კონფერენციის ფარგლებში  ცხრა მუდმივმოქმედი სამუშაო ჯგუფი მუშაობდა საჯარო მმართველობისა და ადმინისტრირების წამყვან საკითხებზე. კონფერენციის ფარგლებში შედგა საქართველოსთვის და რეგიონისთვის აქტუალურ საკითხებთან დაკავშირებული ვორქშოფები და პანელური შეხვედრები საჯარო მმართველობის სფეროთი დაინტერესებული მნიშვნელოვანი საერთაშორისო პარტნიორების მონაწილეობით.

 

კონფერენციის დასასრულს, NISPAcee-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ლუდმილა გაჯოსოვამ  ორგანიზაციის მმართველი კომიტეტის გადაწყვეტილებით ნისპასის წინაშე დამსახურების ჯილდო (NISPAcee Merit Award) გადასცა კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტს, კახა შენგელიას. აღსანიშნავია, რომ ნისპასი აღნიშნულ ჯილდოს ყოველ წელს გადასცემს ორგანიზაციის პარტნიორს, რომელმაც წლების განმავლობაში განსაკუთრებული წვლილი შეიტანა ორგანიზაციის საქმიანობაში და ხელი შეუწყო ორგანიზაციის მიზნების მიღწევას.