13 ნოემბერს ერევანში, ხაჩატურ აბოვიანის სახელობის პედაგოგიურ უნივერსიტეტში გაიმართა IV საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „ისტორიის სწავლების თანამედროვე პრობლემები“, რომელშიც ონლაინ მონაწილეობა მიიღო კავკასიის უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის პროფესორმა გურანდა ჭელიძემ.
კონფერენციის ფარგლებში, ონლაინ ფორმატში, გურანდა ჭელიძემ წარადგინა მოხსენება სათაურით: „AI-ით შექმნილი დილემიდან ღირებულებით მსჯელობამდე: VaKE ისტორიის სწავლებისას უმაღლეს განათლებაში“.
მოხსენება ეფუძნებოდა Erasmus+ ინსტიტუციური პროექტის PROVE-ის ფარგლებში კავკასიის უნივერსიტეტში ჩატარებული ტრენინგების შედეგად მიღებულ ცოდნის პრაქტიკულ გამოყენებას სასწავლო პროცესში. ავტორმა წარმოაჩინა თუ როგორ შეიძლება ხელოვნური ინტელექტის გამოყენებამ ცოდნის გაზიარებასთან ერთად ხელი შეუწყოს სტუდენტების კრიტიკული აზროვნების, არგუმენტირების უნარისა და ღირებულებითი მსჯელობის განვითარებას.
კონფერენციის სესიები მოხსენებების ირგვლივ დისკუსიით დასრულდა. კონფერენციამ ნათლად აჩვენა, რამდენად მნიშვნელოვანია სამხრეთ კავკასიის აკადემიური წრეების თანამშრომლობა და გამოცდილების გაზიარება. ასეთი პლატფორმები ხელს უწყობს ისტორიის სწავლებაში ინოვაციური მიდგომების დანერგვას, რეგიონულ დიალოგს და მშვიდობის კულტურის განმტკიცებას. ამ კონტექსტში PROVE პროექტის ფარგლებში დაგროვილი გამოცდილება და VaKE მეთოდის პრაქტიკული გამოყენება ქართველ და სომეხ კოლეგებს შორის აზრთა გაცვლა-გამოცვლის მნიშვნელოვანი საგანი გახდა.
