2023 წლის, 26 დეკემბერს, კავკასიის უნივერსიტეტში, ჩატარდა სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენცია, რომლის თემატიკა მრავალფეროვანი და საინტერესო იყო. სტუდენტებმა: ელენე ჯაფარიძემ, ლიზი მიქელთაძემ, ელენე ბერიძემ, თეკლა სიხარულიძემ, სალომე ეზიაშვილმა, მარიამ გულისაშვილმა და ნია გელაშვილმა ტაო-კლარჯეთში, ექსპედიციის დროს მოპოვებული მასალის გაანალიზების საფუძველზე წარადგინეს მოხსენებები ენის, ლიტერატურისა და ისტორიის მიმართულებით.
პროექტის სამეცნიერო ხელმძღვანელმა - პროფესორმა მარიამ მანჯგალაძემ წარადგინა ელექტრონული პლატფორმა dialeqti.cu.edu.ge, სადაც განთავსდა გაციფრებული აუდიო და ვიდეოჩანაწერები, რომლებსაც თან ერთვის შესაბამისი დოკუმენტური მასალა. ვებგვერდი აღიჭურვა საძიებო და კვლევითი ინსტრუმენტებით სწავლა-სწავლებისა და კვლევისათვის (საძიებო სისტემა შექმნა ჩვენი უნივერსიტეტის სტუდენტმა ნიკოლოზ ჯორბენაძემ.
აქვე წარადგინეს სტუდენტთა ნაშრომების კრებული, რომელიც ასევე მოიცავს დიალექტოლოგიურ კითხვარს, ექსპედიციის დღიურსა და მცირე ლექსიკონს.
ექსპედიციის გამორჩეულმა წევრმა - პოეტმა, პროფესორმა ეთერ თათარაიძემ წაიკითხა რამდენიმე უნიკალური ლექსი ციკლიდან ტაო-კლარჯეთი.
ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის დეკანმა დავით ნატროშვილმა, მკვლევრებმა: ეკა ჩიკვაიძემ, როინ მალაყმაძემ, ლევან წიქარიშვილმა, ჭაბუკი ქირიამ, ელისო მაჩაიძემ, ნიკა ცხომელიძემ გამოთქვეს თავიანთი თვალსაზრისი და გამოხატეს გულწრფელი ემოცია ექსპედიციისა და კონფერენციის შესახებ.
მედიასკოლის სტუდენტებმა დეა ბაძაღუამ და ნანუკა კოხოძემ კი წარადგინეს რამდენიმე ეპიზოდი დოკუმენტური ფილმიდან „ტიფლისს გედეცით სალამი“.
ექსპედიცია „გრიგოლ ხანძთელის ნაკვალევზე“ იყო ღირსეული გაგრძელება იმ ხანგრძლივი ტრადიციისა, რომელიც კავკასიის უნივერსიტეტში ტაო-კლარჯეთის შესწავლისა და კვლევის მიმართულებით უნივერსიტეტის პრეზიდენტის - კახა შენგელიასა და პროფ. თემურ ხუციშვილის თაოსნობით ჩამოყალიბდა.
კონფერენცია შერეული ფორმატით წარიმართა და მას ონლაინ ესწრებოდნენ ა/ა/იპ საქართველოს საპატრიარქოს წმინდა მიტროპოლიტ ნაზარი ლეჟავას სახელობის სამტრედიის მართლმადიდებლური სკოლის საენათმეცნიერო წრის წევრები (პედაგოგი- ნინო ტონია).
ექსპედიციის თანამონაწილე ორგანიზაცია - საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი.